570GT არის McLaren-ის ახალი ავტომობილი, რომელიც სერია Sport Series-ის ოჯახში მესამე წევრია. მისი პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართა. ეს ავტომობილი იმით გამოირჩევა, რომ მფლობელს მეტ კომფორტს სთავაზობს და ბარგისთვის მეტი მოცულობის სათავსოებიც აქვს. იმისგან განსხვავებით, რასაც ბრიტანული კომპანია წინა მოდელებით გვთავაზობდა, 570GT არის ავტომობილი ყოველდღიური სარგებლობისთვის.

mclaren-570gt-geneva-2

„მაკლარენის“ ახალ ავტომობილს აქვს უფრო მოზრდილი უკანა შუშა, რომელიც იმავდროულად, საბარგულის კარის მოვალეობასაც ასრულებს, ასევე სტანდარტული და ფიქსირებული პანორამული სახურავი, რომელიც ღია კაბინის ეფექტს ქმნის. სავარძლების უკან მოთავსებული საბარგულის მოცულობა 220 ლიტრამდე გაიზარდა. მისი შუშის კარი გვერდზე იხსნება.

სალონის გარდა, კომფორტზეა გათვლილი საკიდარიც, რომლის დრეკადი ელემენტები ოდნავ დარბილდა. ასევე შეიცვალა საჭის სისტემის მახასიათებლები. ეს ყველაფერი კი იმისთვის გაკეთდა, რომ ავტომობილი შორეული მგზავრობისთვისაც არ იყოს დამღლელი. ამაზევეა გათვლილი Pirelli P-Zero საბურავებიც, რომლებიც ნაკლებად ხმაურიანია.

mclaren-570gt-geneva-5

მაღალ კომფორტს ასევე უზრუნველყოფს: ინტერიერის გასაწყობად გამოყენებული მაღალი ხარისხის მასალები, მათ შორის ტყავი, ელექტრონულად რეგულირებადი სავარძლები, რომლებიც ასევე გამათბობლებით არის აღჭურვილი და აქვს მახსოვრობის ფუნქცია; წინა და უკანა პარკირების სენსორები, საჭის ელექტრონული სისტემა, მოწყობილობა, რომელიც კარების რბილად დახურვას ემსახურება, უფრო ჩუმი გამოსაბოლქვი სისტემა, რომელიც 570S-ზე ნაკლებ ხმაურს გამოსცემს.

mclaren-570-gt-07

ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 3.8-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავი ანიჭებს, რომელიც 570 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, 570GT-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3.4 წამში შეუძლია, 200-ს 9.8 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი 328 კმ/სთ-ია.

ბრიტანეთის ბაზარზე ამ ავტომობილის სასტარტო ფასი 154 000 გირვანქა სტერლინგია. შემკვეთებისთვის მისი მიწოდება ამ წლის ბოლოს დაიწყება.

mclaren-570gt-geneva-1