McLaren-მა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟენევის მოტორ შოუზე, 650S-ის შემცვლელს წარადგენს. იმავდროულად, ბრიტანულმა კომპანიამ პირველად გვიჩვენა ამ ახალი ავტომობილის შასის სტრუქტურა, რომელიც რა თქმა უნდა, კარბონის კომპოზიტისგან არის დამზადებული. ესაა მეორე თაობის მონოკოკური არქიტექტურა Monocage II, რომელსაც უოკინგელები თავიანთი ახალი ავტომობილების საფუძვლად, მცირე მოდიფიკაციებით გამოიყენებენ.

ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილის კოდური სახელწოდებაა P14, მისი სერიული ვერსია კი ბაზარზე ალბათ 720S-ის სახელით წარდგება. „მაკლარენი“ ვარაუდობს, რომ მისი წონა 1 283 კილოგრამი უნდა იყოს, ანუ წინამორბედ 650S-ზე სულ რაღაც, 18 კილოგრამით ნაკლები. ასეა თუ ისე, ახალი „სუპერ სერიის“ ავტომობილები, რომელთა შორისაცაა P14, კლასში ყველაზე მსუბუქები იქნება. ამას კი სწორედ ახალი მონოკოკი განაპირობებს, რომელიც სიმსუბუქესთან ერთად იმითაც გამორჩევა, რომ მასზე აწყობილ ავტომობილებს, უფრო დაბალი სიმძიმის ცენტრი ექნება. ამ შასის წყალობით გაუმჯობესდება ავტომობილის მართვადობა და გაადვილდება მის კაბინაში შეღწევა.

კომპანიამ ასევე გამოაცხადა, რომ მყიდველს შესთავაზებს ავტომობილებს ეგრეთ წოდებული „ხილული მონობუდით“, რაც მათ საკუთარი ავტომობილის კარბონის შასის ყველასთვის ჩვენებას ისურვებს. ეს სურვილი კი მომხმარებელს იმის გამო შეიძლება გაუჩნდეს, რომ მონოკოკი მისი ავტომობილის ერთ-ერთი გამორჩეული, მაღალტექნოლოგიური ნაწილი იქნება.

„მაკლარენს“ ახალი ავტომობილის აღჭურვილობის შესახებ ჯერ ოფიციალურად არაფერი გამოუქვეყნებია. ცნობილია, რომ 720S-ს მამოძრავებელი ძალით 4.0-ლიტრიანი წყვილი ტურბო კომპრესორით აღჭურვილი V8 ძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 720 ცხენის ძალას მიაღწევს. ავტომობილის სახელში რიცხვი სწორედ სიმძლავრის მიმანიშნებელი იქნება. ამასთან, კომპანია ამ ავტომობილის სატრეკო ვერსიასაც გამოუშვებს, რომელიც უფრო მძლავრი აგრეგატით აღიჭურვება.

720S-ს მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.