SmartBox: პირველ რიგში, გაგვაცანით თქვენი თავი, რამდენი ხანია რაც ავტოსპორტს მისდევთ და რა გამოცდილების დაგროვება მოასწარით?

ვანო მძელური  2009 წლიდან აქტიურად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა სარბოლო ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტარდება. 2012-13 წლის სეზონზე მონაწილეობა მივიღე მოყვარულთა შორის გამართულ წყვილთა რბოლის ჩემპიონატში. ფინალისტებს საშუალება ეძლეოდათ დაპირისპირებოდნენ პროფესიონალ მრბოლელებს. ასე გავხდი საქართველოს ჩემპიონი როგორც მოყვარულთა ასევე პროფესიონალთა შორის.  2014 წლის საქრთველოს ჩემპოიონი წყვილთა რბოლაში. 2014 წლის „შავი ზღვის თასის“ 4X4 კლასის გამარჯვებული.

დავით კიკნაძე 2010 წლიდან სამოყვარულო შეჯიბრებებში ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა არასპორტული ავტომობილით. დროთა განმავლობაში ვხვეწდი ტარების მანერას და სტილს, შედეგზე ორიენტირებული არასდროს ვყოფილვარ, იმის გამო, რომ არასდროს კონკურენტუნარიანი ავტომობილი არ მყოლია და მეც სათანადო ცოდნა არ გამაჩნდა :)) 2012 წელს პირველად მივიღე პროფესიონალურ ავტორბოლაში მონაწილეობა, კერძოდ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ტურინგ ლაითში (Honda Civic 1.5 mono) მესამე ეტაპიდან ჩავერთე და 5 ეტაპის განმავლობაში ერთხელ მოვხვდი პოდიუმზე.

SmartBox: რას ნიშნავს მანტა?

მანტა ფინურად ავტომობილის ძრავის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალს დგუშს ე.წ. „პორშინს“ ნიშნავს.

SmartBox: რა ასაკში დაინტერესდით ავტოსპორტით, და რამ გადაგაწყვეტინათ, რომ პროფესიონალურად შეგესწავლათ ეს საქმე?

ვანო მძელური – სპორტული ავტომობილები ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ავტომობილის მართვა ვისწავლე მაშინ როდესაც ჩემი ფეხი პირველად მისწვდა გაზის პედალს :)). მას შემდეგ, რაც ჩემი პირველი სპორტული ავტომობილი შევიძინე მონაწილეობას ვიღებდი მოყვარულ მრბოლელთა შორის გამართულ შეჯიბრებებში. დროთა განმავლობაში დავხვეწე ჩემი უნარები და ახლა უკვე პროფესიონალ მრბოლელებთან ვიბრძვი ჩემპიონობისთვის.

დავით კიკნაძე – 8 წლიდან ექსტრემალური და სპორტული მართვის სახელმძღვანელოებს ვკითხულობ დღემდე :)) ერთი სიტყვით სისხლშია ავტოსპორტისადმი სიყვარული :))

Manta-Motorsport-3

SmartBox: რომელ კლასში, და რა შეჯიბრებებზე აპირებთ მონაწილეობის მიღებას?

ახალი სეზონიდან BMW Compact Cup-ზე და Hill Climb-ზე მივიღებთ მონაწილეობას.

SmartBox: თავად რა ავტომობილს მართავთ? როგორც რბოლისას, ისე ტრასის გარეთ ( რატომ მიანიჭეთ ამა თუ იმ მარკას უპირატესობა )

ვანო მძელური – Subaru Impreza WRX STI Type R – მსოფლიო რალის ლეგენდაა. მისი აგრესიული ხასიათი და შესაძლებლობები კარგად ერგება ჩემს ინტერესებს. BMW 318Ti – საქართველოში ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილია, რომლითაც ახალ სეზონს გავხსნი და თითოეულ გამოსვლას მივუძვღნი BMW-ს ქართველ გულშემატკივარს.

დავით კიკნაძე – Honda Accord–ს ვმართავ ყოველდღიურად, Honda-ს ბრენდიც ჩემ ხასიათთანაა ახლოს, სულ ცოტა ყველაფერი დევს პატარა დოზით, სპორტული ხასიათი, გამძლეობა და ეკონომია. BMW 318Ti– ით მივიღებ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას. BMW-ს ვმართავდი, სხვადასხვა მოდელები მყავდა და ძალიან საინტერესო, სასიამოვნო სამართავია ექსტრემალურ პირობებში.

SmartBox: თქვენი აზრით, რა მდგომარეობაშია ამჟამად ეს სპორტი საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს, მის განსავითარებლად

ვანო მძელური – ამ სპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სპორტის სამინისტროს მხარდაჭერა, რაც სამწუხაროდ დღეს ფაქტობრივად არ ხდება. მიუხედავად ამისა, ქართული ავტოსპორტი ბოლო წლებში მაინც აქტიურად ვითარდება.  საჭიროა ფინანსური მხარდაჭერა უკეთესი ჩემპიონატების ჩასატარებლად, რაც სპონსორების მოზიდვას შეუწყობს ხელს. სპონსორის გარეშე კი პროფესიონალური გუნდების არსებობა შეუძლებელია.

დავით კიკნაძე – მედია საშუალებები საქართველოში მაინცდამაინც არ აქტიურობენ, მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინტერვიუს ვინც წაიკითხავს ძალიან ბევრ ადამიანს არ ეცოდინება საქართველოს მოქმედი ევროპის ჩემპიონის, დათა ქაჯაიას შესახებ, რომელმაც 3–ჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ლეგენდის კლასში. მედია საშუალებები და სპორტის სამინისტრო აუცილებლად უნდა გააქტიურდეს.

SmartBox:  ვიხილეთ ვიდეორგოლ თქვენს გუნდზე, თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რა არის მთავარი მესიჯი და რისი თქმა გსურთ ამ ვიდეო რგოლით?

ჩვენი ვიდეორგოლის საშუალებით გვინდა კომპანიებს დავანახოთ, რომ ავტოსპორტი არის ერთ-ერთი საუკეთესო სარეკლამო საშუალება. სპორტული ავტომობილი კომპანიის ლოგოტიპით, უფრო დიდ ყურადღებას იქცევს ვიდრე უბრალოდ ბანერი :)) სპორტული ავტომობილები დადებით ეფექტს ახდენენ საზოგადოებაზე, ხალხს უყვარს ლამაზი მანქანები, ჩვენ სწორედ ეს გვინდა ვაჩვენოთ კომპანიებს.

SmartBox: რა არის თქვენი პროფესიული ოცნება?

ვანო მძელური – საქართველოს სახელით მივიღო მონაწილეობა საერთაშორისო ჩემპიონატზე, სადაც ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს დავდებ

დავით კიკნაძე – რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოიპოვოს ჩვენმა გუნდმა, ძალიან ბევრმა ნიჭიერმა სპორტსმენმა მიიღოს მონაწილეობა შეჯიბრებებში ჩვენი გუნდის სახელით, მიაღწიოს მსოფლიო დონის წარმატებას და მოიპოვოს აღიარება.

Manta-Motorsport-2