Ferrari-ს ავტომობილები თავისი სრულყოფილებით გამოირჩევიან, მაგრამ ტუნინგზე ორიენტირებული კომპანიები მაინც ახერხებენ ამ სრულყოფილების უფრო დახვეწას და თავიანთ მყიდველს, კიდევ უფრო დახვეწილ პროდუქტს სთავაზობენ. სატუნინგო ატელიეებს შორის კი Mansory ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ამის დასტურია 4XX Siracusa, რომელიც Ferrari 488 GTB-ს ბაზაზე შეიქმნა და ახლა უკვე 778 ცხენის ძალით ხიბლავს მდიდარ ავტო გურმანებს.

MANSORY_4XX_SIRACUSA_2

როგორც Mansory ამბობს, 4XX Siracusa უნიკალურ, კარბონის სტრუქტურაზეა აგებული. მისი წყვილ ტურბო კომპრესორიანი 3.9-ლიტრიანი V8 ძრავი კი 778 ცხენის ძალას და 870 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ავტომობილის მთავარი ღირსება კი მისი ძარაა, რომელიც აეროდინამიკური ელემენტებით არის დახუნძლული. ამ ელემენტების დახმარებით, ავტომობილის გზასთან ჩაჭიდება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ყველა ეს ელემენტიც კარბონისგან არის დამზადებული, რაც 4XX Siracusa-ს სიმსუბუქეს განაპირობებს.

MANSORY_4XX_SIRACUSA_5

„4XX სირაკუზა“ 20- (წინ) და 21-დუიმიან (უკან) ბორბლებზე დგას, რომლებიც შესაბამისად, 255/30 და 325/25 ზომის საბურავებით არის შემოსილი. დამოკლებული ზამბარების წყალობით, ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა 20 მილიმეტრით დაბლა დაიწია. „მანსორი“ ირწმუნება, რომ ძრავის გაძლიერებას, მხოლოდ მხოლოდ ძრავის მართვის ოპტიმიზებით და სპეციალური გამოსაბოლქვი სისტემის გამოყენებით მიაღწია.

ამ ყველაფრის მეშვეობით, „სირაკუზა“ საბაზო მოდელზე ოდნავ ტემპერამენტიანი გამოდგა: ადგილიდან ასის აკრეფა 2.9 წამში შეუძლია (488 GTB ამას 3.0 წამშ ახერხებს), მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 341 კილომეტრია (488 GTB-ს შემთხვევაში, 330 კმ/სთ).