დეტროიტში ბაზირებულმა სატუნინგო კომპანიამ, სახელად Hoffy Automobiles შეიმუშავა კონცეპტუალური ავტომობილის პროექტი Mamba GT3 Street, რომელიც BMW-ს კუპე M4-ზეა ბაზირებული და მის ერთ-ერთ ახალ ვერსიას წარმოადგენს. მისმა ავტორმა ეს ავტომობილი ჯერ მხოლოდ პროექტის სახით გაგვაცნო, თუმცა მალე, კერძოდ კი თებერვალში, მის პრემიერასაც გეგმავს.

hoffy-automobiles-bmw-m4-mamba-gt3-street-concept-2

კონცეპტუალური ავტომობილი ისეა შემუშავებული, რომ ის აკმაყოფილებს FIA-ს GT3 კლასის სარბოლო ავტომობილის მოთხოვნებს და თანაც, საერთო სარგებლობის გზებზე გამოყენებისთვისაც ვარგისად დარჩება. ძარა სრულიად განსხვავებულია და ის კომპანია Casborn Styling Studio-მ შეიმუშავა. ძარის დასამზადებლად გამოყენებულია კარბონ კერამიკული კომპოზიტები, რომლებსაც ძირითადად სარბოლო და აეროკოსმოსური ტექნიკის წარმოებისას იყენებენ.

hoffy-automobiles-bmw-m4-mamba-gt3-street-concept-3

Mamba GT3 Street-ის ძირითადი გარეგნული დამახასიათებელი თავისებურება, მისი წინა ნაწილია. აქ გამოკვეთილია BMW-ს საფირმო რადიატორი, რომლებიც ღია ნახევარ რკალის ზედა ნაწილშია „ჩამალული“. მათ ქვემოთ ბამპერის შუა ნაწილი ჩანს, რომელმაც შესაძლოა ბევრს „ნისან GT-R-ის“ იგივე ელემენტი გაახსენოს, თუმცა ეს მსგავსება ძალიან შორეულია.

ბამპერის ქვემოთ, ორივე კიდეში, შედარებით მცირე ზომის ჰაერის ამღები „ლაყუჩები“ განლაგდა. მათ შორის, მშვილდის ფორმის აქტიური სპოილერ-დიფუზორი და მის ქვემოთ კი სპლიტერია. რადატორის ორივე მხარეს i8-ს მსგავსი ფარები მოთავსდა. კაპოტს რთული ფორმა აქვს, ოთხივე ბორბლის თაღები „დაბერილია“, რაც ავტომობილს კიდევ უფრო აგრესიულ იერს ანიჭებს. უკან კი ავტომობილს ანტი ფრთა და უკანა ზორბა დიფუზორი ამშვენებს.

hoffy-automobiles-bmw-m4-mamba-gt3-street-concept-5

ავტომობილს მამოძრავებელ ძალას 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთრიგა) ბიტურბო ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრე, 425-დან 710 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. ამ ძრავის წყალობით, „მამბამ“ ადგილიდან ასის აკრეფა 3.1 წამში უნდა მოასწროს. მაქსიმალური სიჩქარე კი 338 კმ/სთ-ს მიაღწევს.