Meladze-M.ბოლო პერიოდში საზოგადოებაში რამდენიმე აქტუალური საავტომობილო თემა გამოიკვეთა რომლის შესახებაც სმარტბოქი მევლუდ მელაძეს გაესაუბრა:

SmartBox: ბოლო დროს საზოგადოებაში აქტიურად განიხილება კანონპროექტი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შესახებ, როგორია მისი მნიშვნელობა ქალაქისთვის?

ზოგადად, ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება, საჭიროცაა და აუცილებელიც, მაგრამ ამას არ ექნება ეკოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გავლენა დედაქალაქში არსებულ მდგომარეობაზე, ვინაიდან, ეს უკან ვერ დააბრუნებს უკვე გაუქმებულ კატალიზატორებს და ვერ შეამცირებს ჯიპების ძრავებს. თუმცა, მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს, უსაფრთხოების მხრივ. საქართველოს გზებზე უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება ავტომობილების ტექნიკურად გაუმართაობის გამო – გამართული მუხრუჭები, შუქფარები, მინის მწმენდები, სარკეები და სავალი ნაწილი – უსაფრთხო მოძრაობის გარანტიაა.

გარდა ამისა, უნდა მოხდეს ტექნიკური დათვალიერების ეტაპობრივად შემოსვლა და განხორციელება, რადგან საქართველოში არსებული ტექნიკური დათვალიერების პუნქტები ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში არსებული ავტომობილების დათვალიერებას, თავი რომ დავანებოთ ძირითად ფაქტორს – რამხელა ეკონომიკურ ტვირთად დააწვება ეს მძღოლებს. ერთი სიტყვით, ქვეყანა ამისთვის ჯერჯერობით მზად არ არის. ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე სახელმწიფომ ზრუნვა უნდა დაიწყოს, მაგრამ ამაზე კომპლექსური მუშაობაა საჭირო, რაც ჯერჯერობით არ დაწყებულა.

შედარებისთვის კარგი მაგალითია ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო სპორტის სასახელში, რომელიც თავისი შინაარსით ძალიან კარგი იყო, მაგრამ იმის გამო რომ ზუსტად არ იყო დაგეგმილი ყველა ეტაპი ორგანიზატორებმა მიიღეს ქაოსი. ტექნიკური დათვალიერება დღესვე რომ დაიწყოს, ზუსტად იგივეს მივიღებთ.

SmartBox: რამდენად მნიშვნელოვანია ავტომობილების გამოშვების წელი, და ხო არ მიგაჩნიათ რომ გაკრვეულ ასაკს მიღწეული ტრანსპორტი აღარ უნდა დაიშვებოდეს ქალაქში?

ეს იგივეა, გარკვეულ ასაკს მიღწეულ ადამაინს ქუჩაში გამოსვლა აუკრძალო. მით უფრო, რომ ადამიანისგან განსხვავებით, ავტომობილს შესაძლოა აბსოლუტურად ყველა დეტალი შეუცვალო, განაახლო, ის კი არა, გაცილებით უკეთესი დააყენო, ვიდრე ეს ქარხნული იყო. თუ ერთხელ მაინც მოვხვდებით კლასიკური ავტომობილების გამოფენაზე, რისი საშუალებაც, სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს, მივხვდებით რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს თავისი მდგომარებით და ამ კითხვის დასმა კიდევ ერთხელ, შეგვრცხვება.

SmartBox: რა რჩევებს მისცემდით ხალხს, როგორ შევარჩიოთ ახალი ავტომობილი, როდესაც არ გვაქვს მანქანის სალონიდან გამოყვანის შესაძლებლობა და ვჯერდებით მეორადი ავტომობილების ბაზარს.

ეს თემა ბევრ ნაწილად შეიძლება დაიშალოს. მთავარი არის კითხვა, რომელიც მყიდველმა თავად უნდა დაუსვას საკუთარ თავს – რისთვის და რა პირობებში სასიარულოდ სჭირდება მას ავტომობილი. მეორე – რა პროფესიის არის და ოჯახური მდგომარეობა, ჰყავს თუ არა ბავშვები და სჭირდება თუ არა მათთან ერთად ხშირად გადაადგილება. მესამე – როგორ ადგილას ცხოვრობს.

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, მეორადი ავტომობილის შეძენისას, ვურჩევდი ადგილზე შეიძინოს, ვიდრე ჩამოაყვანინოს. ადგილზე ნანახი, შემოწმებული ავტომობილი, რომლის დაქოქვა-გატარების საშუალება გვაქვს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ინტერნეტით ნაპოვნი ავტომობილის შეძენა, რომელიც რეალურად გამართლებაზეა და მომხმარებელი ყიდულობს კატას ტომარაში. კარგი იქნება, თუ ისეთ მოდელს შევარჩევთ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ბევრია, რომლის ნაწილსაც იოლად იშოვით, ხელოსნებსაც მათი სერვისის დიდი გამოცდილება აქვთ და ადრე თუ გვიან, გაყიდვა თუ მოგიწევთ, უფრო ადვილად გაიყიდება.

SmartBox: თქვენ რა ავტომობილი/ები გყავთ?

ფორმულა ალფა =) და 2001 წლის A კლასის მერსედესი, დიზელის ძრავზე, მართვის მექანიკური კოლოფით.

mevlud-meladze-smartbox

SmartBox: ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომრავლდა ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილები. რას ეტყვით ავტომოყვარულებს ამასთან დაკავშირებით? აქვს თუ არა რამე გავლენა მას მანქანის გამართულ მუშაობაზე?

თუ კარგ სისტემას დავაყენებთ და ხარისხიანად დავაინსტალირებთ, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ავტომობილი გაცილებით ეკონომიური ხდება, ეკოლოგიურადაც გაცილებით სუფთაა. უბრალოდ, გაზის ავზი დიდი მოცულობის ადგილს იკავებს ავტომობილის საბარგულში ან სალონში. თუ ის კარგად არ არის დარეგულირებული, ძრავის გარკვეულ დეტალებს ნორმაზე მეტად აცხელებს.

SmartBox: კიდევ ერთი სიახლე დაინერგა ბოლო პერიოდში – სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გამოცდის ჩაბარება გადაცემათა ავტომატური კოლოფის მქონე ავტომობილებისთვის… იწონებთ ამ სიახლეს?

არ ვიწონებ. პირველი რიგში იმიტომ, რომ თუ მექანიკური კოლოფით აღჭურვილ ავტომობილს მართავ, ესე იგი უსაფრთხო მართვისთვის საჭირო კავშირები თვალს, ხელს, ფეხს, ტვინს, იმპულსებს შორის, გინდა-არ გინდა ვარჯიშდება. და როცა საჭირო მომენტი დგება, ეს ელემენტები კომპლექსურად მუშაობს და საგზაო შემთხვევის ასაცილებლად საჭირო მანევრს, მძღოლი დროულად აკეთებს. მაგრამ თუ ამ, ისედაც უბადრუკ გამოცდებს, რომელიც რეალურად „მძღოლს“ არ გვაძლევს, ამ ელემენტსაც მოვაკლებთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ყოველდღიურად ათეულობით ნაღმს დავუდებთ. მომხრე ვიქნებოდი ავტომატურ კოლოფზე გამოცდის ჩაბარების, თუ გამოცდა ჩატარდებოდა ევროპული მოდელის მიხედვით, რაც გულისხმობს პოტენციური მძღოლის მართვის დონის შემოწმებას დასახლებულ, დაუსახლებელ თუ ჩქაროსნულ გზებზე.