ლოტუსმა თავის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ავტომობილის, Exige Sport 380-ის სატრეკო ვერსია Exige Race 380 შეიმუშავა, რომელსაც ბრიტანული კომპანია „სუპერ ავტომობილების მკვლელად“ მოიხსენიებს. ეს ავტომობილი მექანიკურ კომპრესორანი V6 ძრავით არის აღჭურვილი და ტონაზე ნაკლებს იწონის, რისი წყალობითაც ის სწრაფი და მანევრულია.

საგზაო ვერსიისგან სატრეკო Exige Race 380 მოდიფიცირებული საკიდარით, მართვის ელექტრული სისტემებით, ასევე აეროდინამიკით განსხვავდება. მოდიფიკაცია ასევე შეეხო Xtrac-ის 6-საფეხურიან სეკვენტალურ გადაცემათა კოლოფს, ზეთის გამაგრილებელ სისტემას და გაზრდილი ხახუნის კასეტურ დიფერენციალს.

მექანიკური კომპრესორით აღჭურვილი 3.5-ლიტრიანი V6 ძრავის სიმძლავრე 375 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 410 ნიუტონმეტრია, რასაც ის მუხლა ლილვის 5 000 ბრ/წთ-ზე აღწევს. ავტომობილი 998 კილოგრამს იწონის. როგორც კომპანიის შეფი ჟან-მარკ გალესი ამბობს, ამ კლასში ეს სიმძლავრის და წონის საუკეთესო ფარდობაა. მისივე თქმით, Exige Race 380 შეიქმნა „ლოტუსის“ დამაარსებლის, ლეგენდარულ ინჟინერ კოლინ ჩეპმენის ფილოსოფიის შესაბამისად, რისი მთავარი არსიც, ეფექტურობის მისაღწევად, ავტომობილი რაც შეიძება მსუბუქი უნდა იყოს.

ახალი აეროდინამიკური პაკეტის წყალობით, ავტომობილს 275 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას, 240 კილოგრამი ჩაჭიდების ძალა ემატება. გარდა ამისა, წინა ბორბლების თაღების უკანა მხარეს და უკანა ბამპერში გაკეთებული ჭრილები, ბორბლების ირგვლივ ზეწოლას ამცირებს.

ლოტუსმა უკვე დაიწყო Exige Race 380-ზე შეკვეთების მიღება. თითოეული ავტომობილი 99 500 გირვანქა სტერლინგი ღირს, რაც დაახლოებით 122 000 დოლარია.