Lotus-ის მთავარმა აღმასრულებელმა ჟან-მარკ გალესმა განაცხადა, რომ მისი კომპანია შემდეგი თაობის  Elise-ს 2020 წელს გამოუშვებს. ეს იქნება ბრიტანული კომპანიის პირველი ახალი ავტომობილი, რომელსაც ის გალესის ხელმძღვანელობით გამოუშვებს. როგორც გამოცემა Autocar-ი წერს, ახალი Elise გაბარიტებში ოდნავ გაიზრდება, თუმცა მისი წონა ისევ 1 000 კილოგრამზე ნაკლები იქნება.

Lotus-ს ახალი ავტომობილის გამოშვების შესაძლებლობას, გამოსწორებული ფინანსური მდგომარეობა აძლევს, რაც 2000 წლის შემდეგ არ ჰქონია. ამის საშუალება კომპანიას არსებული მოდელების (Elise, Exige და Evora) გაუმჯობესებამ და ამის შედეგად, გაყიდვების გაზრდამ მისცა. მდგომარეობის გამოსწორებამ Lotus-ს ახალ მოდელებზე მუშაობის საშუალება მისცა, რომელთაგან პირველი სწორედ Elise იქნება. მას Exige მოჰყვება.

ბრიტანული კომპანია, რომელიც მალაიზიური Proton-ის ჯგუფში შედის, ახალი ავტომობილებისთვის ახალ პლატფორმაზე მუშაობს, რომელიც ისევ ალუმინისგან დამზადდება. უნდა ითქვას, რომ ახლანდელი შასი ძალიან წარმატებულია და Lotus-ის გარდა, მას ლიცენზიით სხვა კომპანიებიც იყენებენ.

უნდა ითქვას, რომ არსებული მოდელებიდან, Lotus-ს ამერიკის ბაზარზე მხოლოდ Evora შეაქვს, რადგან მხოლოდ მას აქვს გავლილი იქაური ქრეშ ტესტები და მხოლოდ ის შეესაბამება იქაურ უსაფრთხოების სტანდარტებს. მომავალში კი ახალი თაობის Elise-სა და Exige-ზეც აიღებს ამერიკულ ლიცენზიას. ამ სამეულის ახალი თაობების წარმოების დაწყების შემდეგ, Lotus-ი კიდევ ორი, სრულად ახალი მოდელის გამოშვებასაც გეგმავს, რომელთაგან ერთი ქროსოვერი უნდა იყოს.