იმისათვის, რომ მძღოლებს ძველი და ძლიერ დაბინძურებული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების მართვის სურვილი გაუქროს, ლონდონის მერმა წარმოადგინა ეგრეთ წოდებული T-გადასახადი (გამონაბოლქვის გადასახადი), რომლის გადახდაც, ქალაქის საზღვრებში შესვლისას იქნება სავალდებულო.

გამონაბოლქვის გადასახადი შეეხება ავტომობილებს, რომლებიც ევრო-4 სტანდარტის წინა ძრავებით არის აღჭურვილი. ასეთი ავტომობილების ქალაქში შესვლისას, მათი მფლობელები 10 გირვანქა სტერლინგს (დაახლოებით 12.40 დოლარს) გადაიხდიან. ოღონდ, ეს გადასახადი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმოქმედებს. გამონაბოლქვის გადასახადის გარდა, ქალაქში შემავალი ტრანსპორტის გადასახადი (11.50 სტერლინგი) კვლავ ძალაში დარჩება.

„შემაშფოთებელია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქალაქში, სადაც ძალიან ტოქსიკური ჰაერია, რის გამოც, ბევრ ბავშვს ფილტვების პრობლემა აქვს. თუ ჩვენ მკვეთრ ცვლილებებს ვერ მივაღწევთ, მაშინ ვერც ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობის დაცვას შევძლებთ“, – ამბობს ლონდონის მერი სადიკ კანი, ვინც მხოლოდ დამატებითი გადასახადის შემოღებით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

ლონდონის ჰაერის გასუფთავების მისეული გეგმის მეორე ეტაპზე, დაგეგმილია ქალაქის ცენტრში, ძალიან დაბალი გამონაბოლქვის ზონის შექმნა, რომლის ფარგლებშიც, იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც გამონაბოლქვზე მკაცრ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, დამატებითი გადასახადი იმოქმედებს. მისი მინიმალური მოცულობა, 12.50 სტერლინგი იქნება.