ამერიკულმა კომპანია Local Motors-მა შარშან ყველა გააოცა, როცა საავტომობილო შოუებზე, თავის კონცეპტუალურ ავტომობილ Strati-ს (ფოტოზე) ძირითად კომპონენტებს სამგანზომილებიან პრინტერზე ბეჭდავდა. ახლახანს კი, გამოცემა „ავტომოტივ ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლოუქლ მოტორსი“ თავის ინოვაციურ ავტომობილს 2017 წელს გამოუშვებს.

ამერიკული კომპანიის ვებგვერდზე წერია, რომ Strati-ს დასაკომპლექტებლად, Renault-ს პატარა ელექტრომობილ Twizy-ს ამძრავ სისტემას, ელექტრონიკას და საკიდარს გამოიყენებენ. ისეთ დიდი ზომის კომპონენტებს კი, როგორიცაა შასი და ძარის პანელები, კარბონის ბოჭკოს კომპოზიტით, 3D- პრინტერზე დაბეჭდავენ.

LocalMotors-3D-Printed-Car  Strati

პატარა ავტომობილის მახასიათებლების შესახებ მხოლოდ მწირი ინფორმაციაა ცნობილი. კომპანიის სტრატეგიის დირექტორი ჯასტინ ფიშკენი ამბობს, რომ „სტრატი“ 18 000-დან 30 000 დოლარამდე ეღირება. რა თქმა უნდა, ფასი მყიდველის მიერ შერჩეულ კომპლექტაციაზე იქნება დამოკიდებული. ის შეარჩევს ან სპორტულ ძარას, ან უგზოობის ავტომობილისას. სწორედ ეს გამოიწვევს ფასში დიდ გაბნევას. როგორც ფიშკენი ამბობს, მთავარი სტრუქტურული კომპონენტების დაბეჭდვის შემდეგ, ავტომობილის აწყობას სულ რაღაც, საათნახევარი ეყოფა.

ამ ეტაპზე, „ლოუქლ მოტორსი“ თავისი ავტომობილისთვის უსაფრთხოების სერტიფიკატის მიღებისთვის საჭირო პროცედურებითაა დაკავებული.