ფიატი ცნობილია, როგორც მცირელიტრაჟიანი ავტომობილების მწარმოებელი. მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ იტალიურმა კომპანიამ 1911 წელს დაამზადა ავტომობილი, სახელად „ფიატ S76“, რომელმაც მალევე მოიპოვა თავისი დროის უსწრაფესი ავტომობილის წოდება. ეს წოდება კი მას ოთხცილინდრიანმა, 28.5-ლიტრიანმა (!), 300-ცხენისძალიანმა ძრავმა მოაპოვებინა.

ფოტოზე რომ ავტომობილია, მის აღდგენას 10 წელი დასჭირდა. „ტურინელი მხეცი“ გუდვუდის სიჩქარის შარშანდელ ფესტივალზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ მექანიკური პრობლემების გამო, ეს ვერ მოხერხდა. მაგრამ პრობლემები მოგვიანებით მოგვარდა და მისი მფლობელი დანკან პიტევეი, თავის ასწლოვან ავტომობილთან ერთად, ლეგენდარულ სამთო ტრასას მაინც ეწვია.

ეს დაახლოებით ორი კვირის წინათ მოხდა და უჩვეულო ეკიპაჟს ლორდი მარჩიც დაემატა, რომლის წყალობითაც, გუდვუდზე „ფიატ S76-ის“ გასეირნება შესაძლებელი გახდა.

სხვათა შორის, ავტომობილზე გამოყენებული 28.5-ლიტრიანი ძრავი, თავისი დროის ტექნოლოგიური სიახლეებითაც გამოირჩეოდა. მის ყოველ ცილინდრს ოთხი სარქველი აქვს და რამდენიმე სანთელი ემსახურება. გამანაწილებელი ლილვი კი ცილინდრების ბლოკის თავშია განლაგებული. ძრავი ბორბლებს ჯაჭვური გადაცემით უკავშირდება. ამ ძრავის დახმარებით, ავტომობილს 200 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეეძლო, რაც იმ დროისთვის გაუგონარი მიღწევა იყო…