უკვე ათი წელია, რაც Audi სუპერ ავტომობილ R8-ს უშვებს. ის პოპულარულია და რბოლებსაც ხშირად იგებს და თავისი გარეგნობის წყალობით, უამრავ ჯიბესქელ ავტო გურმანს იზიდავს. ალბათ ამიტომ იყო, რომ გერმანულმა კომპანიამ, მისი მეორე თაობის მოდელი გარეგნულად მინიმალურად შეცვალა – ერთ-ერთ მთავარ კოზირს ხელი არ ახლო.

Audi-R8-Red-8

თუმცა როგორც ირკვევა, ასეთი სრულყოფილების კიდევ უფრო დახვეწაც შესაძლებელი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ეს იაპონურმა სატუნინგო კომპანია Liberty Walk-მა სცადა. და, საკმაოდ ეფექტური შედეგიც მიიღო. R8-ს მისეული ვერსია სარბოლო ავტომობილივით გამოიყურება. ის შესამჩნევად გაგანიერებული და დადაბლებულია.

ძარის ახალი პაკეტი, რომელიც Liberty Walk­-ის ვერსიას გამოარჩევს, კარბონის ან შუშის ბოჭკოში არმირებული პლასტიკით, ხელით მზადდება. ორივე შემთხვევაში, ახალი ელემენტების ფორმები იდენტურია. თუმცა, კარბონთ დამზადბული ელემენტები საღებავებით არ დაიფარება, რაც მფლობელს მათი შემდგომი მოდიფიკაციის საშუალებას მისცემს.

Audi-R8-Red-16

თქმა არ უნდა, ახალი პაკეტი ავტომობილს ძალიან აგრესიულ იერს ანიჭებს. მაგრამ ზოგს შეიძლება არ მოეწონოს ის ფაქტი, რომ ბორბლების გაგანიერებული თაღები, ძარასთან ჭანჭიკებით არის დამაგრებული. ჩვეულებრივ, ტუნინგის დროს, ახალ ელემენტებს ძველის ადგილზე ამაგრებენ ხოლმე. მაგრამ ჭანჭიკები იმაზე მიუთითებს, რომ ახალი ელემენტები ძველზეა დამაგრებული. ეს კი ნიშნავს, რომ ავტომობილი წონაში მოიმატებდა.

Liberty Walk­-ი თავის პაკეტს საკმაოდ ძვირად აფასებს. მაგალითად, ვინც კარბონით დამზადებული პაკეტის გამოყენებას V8 ძრავით აღჭურვილ ვერსიაზე აპირებს, მას 20 493 დოლარის გადახდა მოუწევს, V10 ძრავიან ვერსიაზე კი ფასი 22 008 დოლარია. შუშაბოჭკოვან პაკეტს კი მხოლოდ V10 ძრავიან ვერსის მფლობელებს სთავაზობენ და ამ შემთხვევაში, ფასი 18 578 დოლარია.