ოქროთი და ბრილიანტებით მოვარაყებული ავტომობილი გვინახავს, მონეტებითაც გაუფორმებიათ ძარა, ნაჭრის ძარაც დაუმზადებიათ, ისეთი ექსპერიმენტული ავტოც გვინახავს, რომლის ძარაც ეკრანის როლს ასრულებს. მაგრამ ალბათ ადამიანს პირველად მოუვიდა ავტომობილის ძარის შუქდიოდებით დაფარვის იდეა. და შეასრულა კიდეც.

ოღონდ, ეს ვინმეს ახირება არ ყოფილა. ამ პროექტზე Lexus-მა და ვიდეო ჰოსტინგის სერვისმა Vevo-მ ითანამშრომლეს. საბოლოო პროდუქტი კი ერთ-ერთ კლიპში გადაიღეს. ბაზისად გამოიყენეს სედანი Lexus IS, რომლის ძარასაც 41 999 შუქდიოდური ელემენტი დაამაგრეს. ეს უბრალოდ, ავტომობილის ორიგინალური გაფორმება არაა. ამ ელემენტების წყალობით, სედანის ძარა პროგრამირებად ერთგვარ ეკრანს წარმოადგენს, რომელზეც სხვადასხვა გამოსახულების გადმოცემაა შესაძლებელი.

lexus-is-led-3

შუქდიოდურ ავტომობილს განათების სამი რეჟიმი აქვს. პირველი არის ყურადღების მიქცევის რეჟიმი, რა დროსაც განათების მეშვეობით, ყურადღების ცენტრში ავტომობილის დიზაინი ექცევა. მეორე რეჟიმი მუსიკალურია და ამ დროს, განთება მუსიკის რიტმს „მისდევს“. მესამე რეჟიმი კი ჟესტიკულაციურია და ამ დროს, ავტომობილში ჩამონტაჟებული სპციალური სისტემის დახმარებით, ხელის მოძრაობით შესაძლებელია შუქის ანიმაციური მოძრაობა.

lexus-is-led-5

კიდევ ერთი საინტერესო რამ: თუ ავტომობილის გასაფორმებლად გამოყენებული შუქდიოდები, ერთმანეთისგან იმავე დაშორებით, წრფივად განლაგდება, მაშინ მათი რიგი დაახლოებით ნახევარ მილზე (დაახლოებით 800 მეტრი) გაიწელება.

lexus-is-led-2