Lexus-მა ცოტა ხნის წინ ჰაერში მოლივლივე დაფა, Hoverboard-ი შეიმუშავა და ის ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში გამოიყენა. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ასეთი რამ რეალურად არ არსებობს და რომ Hoverboard-ი სკეიტბორდს მოლივლივე ვარიანტია, რომელიც მხოლოდ კომპიუტერში არსებობს. მაგრამ როგორც ირკვევა, ასე სულაც არაა. და ამის დემონსტრაცია ლექსუსმა ბარსელონას მახლობლად, სპეციალურად მოწყობილ ჰოვერპარკში ჩაატარა.

Lexus' Hoverboard1

მაგრამ იმისათვის, რომ თავისი ქმნილების შესაძლებლობები ეჩვენებინა, იაპონურ კომპანიას სპეციალური მოედნის აგება დასჭირდა, რომელსაც მაგნიტური ზედაპირი აქვს. მაგნიტური ლევიტაცია, რომლის გამოყენებითაც ჰოვერკრაფტი ჰაერში, მუდმივად რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლეზე ლივლივებს, ამ აპარატის მთავარი თვისებაა.

ამ აპარატის შექმნას ლექსუსმა წელიწადნახევარი მოანდომა. ამ საქმეში მას პარტნიორობას დრეზდენის ინსტიტუტი IFW და შვილობილი კომპანია „ევიკო“ უწევდნენ. ინსტიტუტიც და „ევიკოც“ სწორედ მაგნიტურ ლევიტაციაზე არიან სპეციალიზებულნი. დრეზდენშივე დაამზადეს ჰოვერპარკისთვის საჭირო მაგნიტური გზა, რომლის სიგრძეც 200 მეტრია.

Lexus' Hoverboard2

დაფის სიგრძე 920 მილიმეტრია, სიმაღლე 90 მილიმეტრი, სიგანე კი 220 მილიმეტრი. მას დაახლოებით 200 კილოგრამის გადაადგილების უნარი აქვს. ზედაპირიდან მუდმივი დაშორების შენარჩუნება, მაგნიტურ ველსა და ზეგამტარებს შორის ურთიერთქმედებით ხდება. დაფის შიგნით მოთავსებულია კრიოგენური კამერა, რომელშიც ტემპერატურა მუდმივად -197 გრადუსია (ცელსიუსით). კრიოგენურ სივრცეში (მუცელში) ძალიან დაბალ ტემპერატურას, თხევადი აზოტი უზრუნველყოფს.

ლექსუსმა ბარსელონას „ჰოვერპარკში“ მფრინავი დაფის გამოსაცდელად, სკეიტბორდინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, როს მაკგურანი მიიწვია. იაპონური კომპანია აცხადებს, რომ ჰოვერბორდი ერთჯერადი პროექტია და მისი წარმოება არ იგეგმება.