ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Maserati-მ თავის ისტორიაში პირველი უგზობის კონცეპტუალური ავტომობილი, Kubang-ი გვიჩვენა. მას შემდეგ, ბაზარი ამ ავტომობილის სერიული ვერსიის მოლოდინშია და აი, მისი დროც დადგა – ჟენევის მოტორ შოუზე, უგზობის Levante-ს მსოფლიო პრემიერა გაიმართება. მანამდე რამდენიმე დღით ადრე კი იტალიურმა კომპანიამ, ის ინტერნეტით გავრცელებული ფოტოებით გაგვაცნო.

New-Maserati-Levante-4

Fiat Chrysler-ს ამ ავტომობილის წარმოება უკვე დაწყებული აქვს მირაფიორის (იტალია) ქარხანაში, ევროპელი დილერების შოურუმებში ის გაზაფხულზევე გამოჩნდება, შემდგ კი მსოფლიოს დანარჩენ ბაზრებზეც გამოჩნდება. „მაზერატი“ ჯერჯერობით თავისი პირველი უგზობის მოდელის არც ტირაჟს და არც ფასს არ აქვეყნებს.

საშუალო ზომის მდიდრული ქროსოვერი გარეგნულად ბევრად არ განსხვავდება კონცეპტ Kubang-ისგან. მისი გარეგნული დამახასიათებელი ნიშნებია დიდი ზომის რადიატორი და ვიწრო ფარები, ასევე სპორტული პროფილი და მომრგვალებული ფორმები. უკნიდან მის სპორტულ ხასიათზე, ორივე კიდეში მოავსებული წყვილ-წყვილი გამოსაბოლქვი მიგვანიშნებს.

ამ ეტაპზე, Maserati-ს თავისი ახალი ავტომობილის ინტერიერის ფოტოები არ გამოუქვეყნებია. თუმცა ცნობილია, რომ სალონი Ghibli-ს სტილშია შესრულებული. ეს კი ნიშნავს, რომ იქ უხვადაა გამოყენებული ტყავი და ძვირფასი მასალები. გარდა ამისა, ცენტრალურ კონსოლზე ზორბა ეკრანი განლაგდება, რომელიც ინფოტაინმენტ სისტემის ნაწილია.

New-Maserati-Levante-7

ასევე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია ავტომობილის აღჭურვილობის და ტექნიკური სპეციფიკაციების შესახებ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაჟონა, ავტომობილი ბენზინის 3.0-ლიტრიანი V6 და დიზელის ასევე 3.0-ლიტრიანი V6 ძრავებით აღიჭურვება. ბენზინისძრავიან მოდელი ორი ვერსიის სახით იქნება. ესენია Levante 350 და Levante 430. პირველ შემთხვევაში, ადგილიდან ასამდე აჩქარება 6.3 წამში იქნება შესაძლებელი, მაქსიმალური სიჩქარე კი 243 კმ/სთ-ს მიაღწევს. მეორე შემთხვევაში კი იმავე აჩქარებას 5.2 წამი დასჭირდება, მაქსიმუმი კი 264 კმ/სთ იქნება. დიზელისძრავიანი „ლევანტეს“ შესაბამისი მაჩვენებლები 6.9 წამი და 230 კმ/სთ-ია.

„მაზერატი“ აცხადებს, რომ „ლევანტეს“ შასის აგებულება, იტალიური კომპანიის ავტომობილებისთვის დამახასიათებელ შესანიშნავ დინამიკურ შესაძლებლობებს და მართვადობას უზრუნველყოფს. და იმავდროულად, ცუდ გზაზე გადაადგილებისას, უბადლო გამავლობას ავლენს და არის ძალიან კომფორტული.