რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკზე სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა წრიულ რბოლებში, რომლის პირველ დღესაც, მხოლოდ ლეჯენდსის კლასის რბოლა გაიმართა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩემპიონატში მხოლოდ ორი – ლეჯენდსის და ფორმულა „ალფას“ კლასები დარჩა. თუმცა, როგორც ყოველთვის, მათი პილოტები უშეღავათო ბრძლებს და საინტერესო სანახაობას გვპირდებიან.

Legends-1-stage-2

სეზონის გახსნის ცერემონია ხვალ გაიმართება. პარალელურად, რუსთავს ბოლივუდელები სტუმრობენ, რომლებიც ახალი ფილმის კადრებს სწორედ ავტოდრომზე იღებენ, რისთვისაც ორი ავტომობილი შეუძენიათ და საინტერესო და საკმაოდ სახიფათო კადრების გადაღებას აპირებენ.

Legends-1-stage-1

როგორც მოსალოდნელი იყო, ლეჯენდსის პირველი რბოლა ძალიან საინტერესო გამოდგა. მართალია, მასში გამარჯვებისთვის, ჩვეული 4-5-ის ნაცვლად, „მხოლოდ: ორმა პილოტმა იბრძოლა, მაგრამ ამას რბოლის დაძაბულობა არ გაუნელებია. სტარტი პოულიდან აიღო ლეჯენდსში საქართველოს პირველმა ჩემპიონმა გიორგი ბეჟიტაშვილმა, რომელსაც სტარტიდანვე კვალში ჩაუდგა მოქმედი ჩემპიონი არჩილ ბიძინაშვილი. სამწუხაროდ, პირველივე წრეზე ტექნიკამ უმტყუნა გოგა არჯევანიძეს, რომელმაც რბოლა კი გააგრძელა, მაგრამ თითქმის გამარჯების პერსპექტივის გარეშე.

Legends-1-stage-3

ბეჟიტაშვილი და ბიძინაშვილი თავიდანვე დაწინაურდნენ. მდევართა ჯგუფს შოთა აფხაზავა მოექცა სათავეში, გასული სეზონის ვიცე ჩემპიონი დავით კაკაბაძე, არჯევანიძე, სანდრო ცხადაძე და ალექსეი ხაინოვი არ აძლევდნენ სამოსუნთქვის საშუალებას. ლიდრებმა ორ-სამჯერ გაცვალეს პოზიციები, რბოლის მიწურულს, მეორე ეს-მოსახვევის შემდეგ, ბიძინაშვილმა საბოლოოდ მოიპოვა უპირატესობა. ბეჟიტაშვილმა სცადა შეტევა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოოდ, მათ ამავე თანმიმდვრობით გადაკვეთეს ფინიშის ხაზი.

მდევრებს შორის კი, დაძაბული პაექრობა კონტაქტით დასრულდა. ცხადაძეს მეორე ეს-მოსახვევში მოუცურდა მანქანა და მას უკნდან კაკაბაძე დაეჯახა. კონტაქტი არ იყო ძლიერი და მართალია, ორივე დატრიალდა, მაგრამ რბოლის გაგრძელება შეძლეს. ოღონდ, მესამე ადგილისთვის ბრძოლის შანსიც იმ მოსახვევში დატოვეს. საბოლოოდ, აფხაზავამ მესამე ადგილი დაიკავა.