ევროპის ახალი ავტომობილების შეფასების პროგრამით (Euro NCAP), რამდნმე ახალ ავტომობილს, რომლებიც მალე ევროპის ბაზარზე გამოვა, ქრეშ ტესტები ჩაუტარდა. მათ შორის იყო „ლენდ როვერის“ უახლეს ქვე-ბრენდ „დისქავერის“ პირველი ავტომობილი – „დისქავერი სპორტი“, რომელმაც უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. უფრო მეტიც, ტესტგამოვლილ 12 ავტომობილს შორის, ყველაზე დაცულად სწორედ „დისქავერი სპორტი“ აღიარეს.

ევრო NCAP-ის ქრეშ ტესტებში მონაწილეობა „დისქავერი სპორტის“ ევროპულმა ვერსიამ მიიღო, რომლის მსოფლიო პრემიერაც ბრიტანულმა კომპანიამ პარიზის მოტორ შოუზე ჩაატარა. სატესტო ავტომობილის წონა 1901 კილოგრამია, აქვს მარჯვენა საჭე და აღჭურვილია 2.2-ლიტრიანი ტურბო დიზელით. მას აქვს ალუმინის მზიდი სტრუქტურა და უსაფრთხოების პასიური და აქტიური სისტემების ფართო სპექტრითაა აღჭურვილი. მათ შორისაა ფეხმავალთა დამცავი აირბალიში, რომელიც სტანდარტულ ეკიპირებაშია შესული. გარდა ამისა, უსაფრთხოებას ემსახურება ზოლიდან გასვლის გამაფრთხილებელი და სასწრაფო დამუხრუჭების ავტონომიური სისტემები, რომლებიც ასევე სტანდარტულ ეკიპირებაშია.

Rover

გამომცდელთაგან განსაკუთრებით მაღალი შეფასება დაიმსახურა წინიდან შეჯახების თავიდან არიდების სისტემამ, რომელიც ავტომობილის სტანდარტული ეკიპირების კიდევ ერთი შემადგენელია. ის 10-80 კმ/სთ სიჩქარის დიაპაზონში მუშაობს და ავტომატურად იყენებს მუხრუჭებს, თუ ელექტრონიკა დაადგენს, რომ შეჯახება გარდაუვალია. ფეხმავალთა დამცავი აირბალიში კაპოტის ქვეშაა განლაგებული და საჭიროების შემთხვევაში, ისეთ ადგილებს ფარავს, რომლებიც ადამიანისთვის ყველაზე მეტ საფრთხეს წარმოადგენს. ესაა საქარე შუშის ნაპირები და წინა საყრდენები.

ტესტებმა აჩვენა, რომ ზრდასრული მგზავრები 93 პროცენტით არიან დაცულები, არასრულწლოვანთა დაცვის მაჩვენებელი 83 პროცენტია, ფეხმავალთა დაცვისა – 63 პროცენტი. ელექტრონული დამხმარე სისტემების მუშაობის ეფექტურობა 82 პროცენტით შეფასდა.