ახლანდელი დიფენდერის წარმოება დღე-დღეზე შეწყდება, თუმცა სატუნინგო კომპანიების მხრიდან ყურადღება მაინც არ აკლია. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა ბრიტანული JE Motorworks-ი, რომელმაც ლეგენდარული ყველგანმავლის ექსტრემალური ვერსია შეიმუშავა. სახელად კი მას Zulu² შეურჩია.

უნდა ითქვას, რომ JE Motorworks-ი თავის კლიენტს, Defender-ის ყველა ტიპის ძარიანი ვერსიებისთვის, ასევე მარცხენა და მარჯვენა საჭიანი ვერსიებისთვის სთავაზობს მოდიფიკაციებს, საერთო სახელით Zulu². ყველა მათგანი აღიჭურვება 4.7-ლიტრიანი V8 ძრავით (Jaguar Land Rover-ის წარმოების), რომელიც 475 ცხენის ძალას და 650 ნიუტონმეტრს იძლევა.

je-motorworks-zulu-5

ამ მძლავრ ძრავთან წყვილში მუშაობს 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს აწვდის. გარდა ამისა, JE Motorworks-ის ინჟინრებმა ძირეულად შეცვალეს შასი და მისი ცალკეული ელემენტები. კერძოდ, მათ შეცვალეს ამორტიზატორები, დაადაბლეს ზამბარები, მოდიფიკაცია ჩაუტარდა გაზრდილი ხახუნის დიფერენციალს. რა თქმა უნდა, ავტომობილი მძლავრი მუხრუჭებით აღიჭურვა.

je-motorworks-zulu-interior-1

გარეგნულ ცვლილებათაგან აღსანიშნავია გაზრდილი ზომის ჰაერის ამღებები, ავტომობილის გვერდბზე არსებული ჰაერის გამომშვები ჭრილები, LED ფარები. ყურადღებას იქცევს რადიატორის ცხაურზე არსებული სამი ფართო ვერცხლისფერი ზოლი. ინტერიერი მდიდრულად არის გაწყობილი. აქ გამოყენებულია მაღალი ხარისხის ტყავი. სავარძლები გამათბობლებითაა, სალონი აღჭურვილია კონდიცირების სისტემით და ხმაურისგან დამცავი დამატებითი შრით.

JE Motorworks-ი მხოლოდ 25 ცალი Zulu² Defender-ის გამოშვებას აპირებს. ყოველი მათგანი 150 000 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

je-motorworks-zulu-interior-3

je-motorworks-zulu-interior-2