საიმედო, ხარისხიანი და უკომპრომისო – ეს არის სამი ჯადოსნური სიტყვა რომელსაც აერთიანებს ერთი სახელი – Defender. ეს არის ლეგენდარული ბრენდის სახე და მისი ისტორია. 67 წლიანი საწარმოო პერიოდის შემდეგ 2016 წლის 29 იანვარს ბოლო Defender-მა დატოვა კონვეიერი. ახლა დრო მოვიდა ახალი იდეების და ახალი ლეგენდის! თქვენს წინაშეა Land Rover Defender Sport! კონცეფტის ავტორი ქართველი დიზაინერი გიორგი თედორაძეა.

ახალი ავტომობილი წინამორბედის ტრადიციებს აგრძელებს და კვლავ უკომპრომისო უგზოობის ყველგანმავალია. ამასთან ერთად განვითარდა ავტომობილის დინამიკური პოტენციალი. სწორედ ეს არის სახელის ცვლილების მთავარი მიზეზი. ახალი Defender Sport-ი ცვლის წარმოდგენებს ყველგანმავლების შესაძლებლობებზე, რადგან აერთიანებს ორ სხვადასხვა ხასიათს. გაზრდილი ბორბლებს შორის ბაზა უზრუნველყოფს სტაბილურობას უგზოობაზე და უფრო მეტ მანევრულობას სპორტულად მართვის დროს. ავტომობილის ხასიათის ცვლილებას ხელს უწყობს მართვის რეჟიმები.

ახალი თაობის Defender-ის დიზაინი შთაგონებულია Land Rover-ის ისტორიიდან. ყოველი ხაზი, ყოველი დეტალი კარგად მოფიქრებული და დამუშავებულია. ეს ქმნის დახვეწილ და ნატიფ ძარას, რომელიც თავისმხრივ საკმაოდ მარტივი და ადვილად აღსაქმელია. სწორად შერცეული პროპორციები არა მხოლოდ დინამიურ ფორმებს სძენს ავტომობილს, არამედ მას უფრო პრაქტიკულსაც ხდის. ახალი Defender Sport-ი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა.

დიდებული წარსული გზას უხსნის საინტერესო მომავალს. Land Rover Defender-ი ლეგენდარული ავტომობილია, რომელმაც შექმნა ეპოქა. ახლა მას ყავს ღირსეული გამგრძელებელი – Defender Sport!