ახლოვდება დრო, როცა Land Rover-ი ბაზარზე ახალ Defender-ს გამოუშვებს. ეს 2019 წელს მოხდება. მანამდე კი მის კონცეპტუალურ ვერსიას ვნახავთ. სავარაუდოდ, ეს მომავალი წლის პირველ ნახევარში მოხდება.

ბრიტანული კომპანია ახალი Defender-ის ბაზისად იმავე ალუმინის არქიტექტურას გამოიყენებს, რომელზეც Range Rover-ს, Range Rover Sport-ს და Land Rover Discovery-ს აწარმოებს. ოღონდ, მისი სტრუქტურა მოდიფიკაციას გაივლის, რათა უფრო გამტკიცდეს და გამძლე გახდეს. რატომ, ძნელი მისახვედრი არაა – Defender-ი ხომ უგზოობაზე ყველაზე მეტად არის ორიენტირებული.

გარდა ამისა, ბრიტანული კომპანია მყიდველს ახალ Defender-ს რამდენიმე ტიპის ძარით შესთავაზებს. მათ შორის ძირითადი ორ და ოთხკარიანი ვერსიები იქნება. საბაზო ვერსიის ბორბელს შორის ბაზა 2 922 მილიმეტრის სიგრძის უნდა იყოს, დაგრძელებული ვერსიის ბაზის სიგრძე კი 3 120-მილიმეტრს მიაღწევს.

ახალი ავტომობილი გლობალური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი და ყველაზე მკაცრ ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს. მის ძრავების გამაში სერია ინჯენიუმის ბენზინის და დიზელის ოთხცილინდრიანი აგრეგატები შევა, რომლებიც სიმძლავრითაც გამოირჩევა და ეფექტურობითაც. მომავალში გამას იმავე სერიის ექვსცილინდრიანი აგრეგატიც შეავსებს.

Land Rover-ი ახალ Defender-ს სავარაუდოდ, თავის უახლეს სლოვაკურ ქარხანაში გამოუშვებს. ნიტრას რეგიონში მისი მშენებლობა შარშან დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება.