საბოლოოდ გადაწყდა: „ლამბორგინი“ უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს, ოღონდ რა სახელით, ეს ჯერაც გადაწყვეტილი არაა. კომპანიის მესამე ავტომობილსაც სანტ’აგატა ბოლონეზეში არსებულ ქარხანაში დაამზადებენ. წარმოება 2018 წელს  დაიწყება და წარმოების სავარაუდო წლიური მოცულობა 3000 ავტომობილია, ანუ „ლამბოს“ წარმოება გაორმაგდება. გასაღების მთავარი ბაზრები, აშშ, ჩინეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო და გერმანია იქნება.

„ლამბორგინი“ ამბობს, რომ ახალი ავტომობილი, რომლის სახელსაც მოგვიანებით შეარჩევენ, პირველ რიგში, კომპანიის იმ კლიენტებისთვისაა, რომლებსაც მინიმუმ ერთხელ მაინც აქვთ შეძენილი „ლამბოს“ ავტომობილი და იმავდროულად, სხვა კომპანიის წარმოების უგზოობის ავტომობილებსაც ფლობენ. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილმა იტალიურ კომპანიას ახალი კლიენტებიც უნდა შესძინოს.

„ახალი მოდელის გამოშვებით, ჩვენი კომპანია ზრდის და განვითარების მყარ საფუძველს მიიღებს. ახალ უგზოობის ავტომობილს სანტ’აგატა ბოლონეზეში გამოვუშვებთ, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ჩვენი კომპანია ზრუნავს „მეიდ ინ იტალის“ ღირებულებებზე და მთელს მსოფლიოში მის გავრცელებაზე“, – ამბობს „ლამბორგინის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი შტეფან ვინკელმანი.

უკვე სამი წელია, რაც იტალიური კომპანია უგზოობის ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილებას განიხილავს. პირველად ამაზე ლაპარაკი 2012 წლის პეკინის ავტო შოუს შემდეგ დაიწყო, სადაც „ლამბომ“ კონცეპტუალური „ურუსი“ წარადგინა. ეს იყო ხედვა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს „ლამბორგინის“ უგზოობის მოდელი. სავარაუდოდ, სერიული ვერსია განსხვავებული იქნება. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, გარკვეული ჯერ არაფერია.

მთავარი პრობლემა, რომელსაც იტალიური კომპანია ამ ავტომობილთა დაკავშირებით წააწყდა, მისი იტალიაში წარმოება იყო. „ლამბოსა“ და იტალიის მთავრობას შორის მოლაპარაკება, საგადასახადო შეღავათების თაობაზე, რამდენიმე თვე გაგრძელდა. საბოლოოდ, პრემიერ მინისტრ მატეო რენცის მთავრობამ „სანტ’აგატა ბოლონეზელებს სასურველი შეღავათები აღუთქვა. სამაგიეროდ, „ლამბორგინი“ უფრო სწორედ კი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი, რომლის წევრიც იტალიური კომპანიაა, რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ინვესტირებას განახორციელებს და 500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

ახალი ავტომობილის შესახებ, ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის უახლესი „აუდი Q7-ის“ მოდიფიცირებულ პლატფორმაზე აიგება, რომელსაც ასევე „ბენტლი“ თავის ისტორიაში პირველი უგზოობის მოდელის, „ბენტაიგასთვის“ გამოიყენებს.