Lamborghini-მ მხოლოდ ოთხი ცალი სუპერ კუპე Veneno დაამზადა, აქედან ერთს კომპანიის მუზეუმი არასდროს დაუტოვებია. დანარჩენი სამი კი გაიყიდა. მაგრამ როგორც ირკვევა, ამ სამიდან ერთს საერთო სარგებლობის გზებზე მხოლოდ ის მანძილი (180 კილომეტრი) აქვს გავლილი, რაც შეკვეთის შესრულების დროს გახდა საჭირო.

მოკლედ, ძალიან იშვიათი და გამორჩეული ავტომობილია, რომელიც ახალ პატრონს ელის. მისმა ახლანდელმა მფლობელმა თავის Veneno-ში წარმოუდგენლად მაღალი თანხა – 8 მილიონი ევრო (დაახლოებით 9.4 მილიონი დოლარი) მოითხოვა. თუმცა ფასზე შევაჭრებას შესაძლებლად მიიჩნევს.

სანუკვარი ხარი რუხი ფერისაა, სალონი კი შავი ალკანტარათია გაწყობილი. გაყიდვის განცხადება მეორადი ავტომობილების გერმანულ ვებგვერდზეა მოთავსებული, თუმცა ავტომობილი შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ლონგ აილენდზე იმყოფება.

იტალიურმა კომპანიამ ოთხი კუპეს გარდა, Veneno-ს 9 ღია ვერსიაც დაამზადა. ავტომობილი 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 750 ცხენის ძალას და 690 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, ადგილიდან ასის აკრეფა 2.8 წამში შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 355 კილომეტრია საათში.