არაერთხელ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ „ლამორგინიმ“ უგზოობის ავტომობილ „ურუსს“ მწვანე შუქი აუნთო, თუმცა როგორც ჩანს, ეს ჯერ ასე არაა. ყოველ შემთხვევაში, იტალიური კომპანიის შეფი შტეფან ვინკელმანი ამბობს, რომ თუ „ლამბო“ მესამე მოდელის წარმოებას გადაწყვეტს, ეს აუცილებლად  უგზოობის ავტომობილი იქნება.

ინტერნეტ გამოცემა „ავტობლოგთან“ საუბრისას, ვინკელმანმა განაცხადა: „ჩვენ ამ პროექტზე ვმუშაობთ, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თუ მესამე მოდელს გამოვუშვებთ, მაშინ აჯობებს, თუ ეს უგზოობის ავტომობილი იქნება, რადგან ეს მზარდი, ყველაზე ემოციური სეგმენტია, რომელიც გაყიდვების გაზრდას უზრუნველყოფს“.

თუ „ურუსის“ წარმოება მართლაც გადაწყდა, გარეგნულად ის კონცეპტ „ურუსის“ სტილში შესრულდება, რაც შეეხება მის აღჭრვილობას, ვინკელმანი ჰიბრიდულ დანადგარს ახსენებს: „ავტომობილის წონის და სხვა ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად, ჩვენ ჰიბრიდულ აგრეგატზე ვფიქრობთ. ამ ავტომობილისთვის, სისწრაფე და უბადლო დინამიკური მახასიათებლები უმთავრესი არაა. ამიტომ ჩვენთვის ჰიბრიდიზაცია კარგი გამოწვევა იქნება“.

როგორც ჩანს, კონცეპტუალური კუპე „ასტერიონი“, რომელიც სანტ’აგატა ბოლონეზელებმა პარიზის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენეს, არაა მხოლოდ შოუქარი. მასში გამოყენებულ ჰიბრიდულ აგრეგატს კი (და ალბათ საკუთრივ „ასტერიონსაც“) მალე სერიულ წარმოებაში გაუშვებენ. პირველი ავტომობილი კი, რომელიც ჰიბრიდული დანადგარით აღიჭურვება, „ურუსი“ იქნება.