მაშ ასე, გადაწყდა, ტურბო ეპოქა ლამბორგინისთვისაც იწყება და მას უგზოობის მოდელი Urus-ი გახსნის. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, ლამბორგინის მთავარმა აღმასრულებელმა სტეფან ვინკელმანმა და ამავე კომპანიის კვლევისა და განვითარების ცენტრის უფროსმა მაურიციო რეჯანიმ დაადასტურეს, რომ Urus-ის მამოძრავებელ ძალას, 4.0-ლიტრიანი V8 წყვილ ტურბოიანი ძრავი მიანიჭებს.

New-Lamborghini-Urus-V8

„იმისათვის, რომ მაქსიმალურად სწრაფი აჩქარება შეძლოთ და უგზოობაში მოძრაობისას, სწრაფადვე მოახერხოთ კრიტიკული სიტუაციიდან თავის დაღწევა, მაღალი მაბრუნი მომენტი დაგჭირდებათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უგზოობის სპორტული ავტომობილისთვის საუკეთესო არჩევანი, ტურბო კომპრესორით აღჭურვილი ძრავი იქნება. ის უნდა იყოს მსუბუქიც და მძლავრიც და დაბალ ბრუნვებზე, მაღალი მომენტი უნდა გააჩნდეს“, – ამბობს რეჯანი და დასძენს, რომ ტურბო ძრავით აღჭურვილ პროტოტიპს უკვე გავლილი აქვს სატრეკო ტესტები, უგზოობის პირობებში ტესტები კი გაზაფხულზე დაიწყება.

ვინკელმანის თქმით, რვაცილინდრიანი აგრეგატი სრულიად ახალია და მას ფოლკსვაგენის ჯგუფის არცერთი სხვა ბრენდი არ გამოიყენებს. ის ასევე დასძენს, რომ Urus-ს კონცეპტუალურ ვერსიასთან (რომლის პრემიერაც სამი წლის წინათ, პეკინის მოტორ შოუზე შედგა) შედარებით, გარეგნობაც შეუცვალეს. ვინკელმანი ირწმუნება, რომ Urus-ი მსოფლიოში უსწრაფესი უგზოობის ავტომობილი გახდება.

lamo-urus-2015-012

Urus-ი იმავე პლატფორმაზე აიგება, რომელიც საფუძვლად Audi Q7-ს და ბენტლი ბენტაიგას უდევს. „ლამბოს“ უგზბის ავტომობილის ბაზარზე გამოსვლამდე, უსწრაფესის სახელს სწორედ „ბენტაიგა“ მოიხვეჭს, რომლის წარმოებაც ქრიუში (ბრიტანეთი) ახლახანს დაიწყო. ეს ავტომობილი 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი W12 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 608 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 4.1 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 301 კილომეტრია.

და ბოლოს, ურუსის გაყიდვები სავარაუდოდ 2018 წელს დაიწყება, სერიული ვერსიის პრემიერა კი იმავე წელს, ჟენევის მოტორ შოუზე შედგება.