ჰიბრიდული და ტურბო აგრეგატებით აღჭურვილი სუპერ ავტომობილები სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს გარემოზე ზრუნვისადმი გაღებული ხარკია, თუმცა ამ ფერხულში ჯერაც არ ჩაბმულა Lamborghini და ამის მიუხედავად, ეს გარემოება მის გაყიდვებზე უარყოფითად არ აისახება. პირიქით, იტალიური კომპანია სულ უფრო მეტ ავტომობილს ჰყიდის.

სანტ’აგატა ბოლონზელების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ერთი თვის და ნახევარი წლის გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირეს. კერძოდ, ივნისში 416 ცალი სუპერ ავტომობილი გაიყიდა, წლის პირველ ნახევარში კი კომპანიამ, თავისი არსებობის 53 წლის განმავლობაში პირველად გადალახა 2 000-იანი ზღვარი. კერძოდ, უკვე გაიყიდა 2013 სუპერ ავტომობილი, თითქმის იმაზე მეტი, რაც „ლამბომ“ 2012 წელს გაჰყიდა.

Aventador_CM_118

შედარებისთვის, Lamborghini-მ გასული წლის პირველ ნახევარში მხოლოდ 1 882 ავტომობილი გაჰყიდა. გაყიდვები თითქმის თანაბრად ნაწილდება სამ ძირითად რეგიონზე რომლებადაც კომპანია მსოფლიო ბაზარს ჰყოფს. ესენია ამერიკის ორივე კონტინენტი, აზია-წყნარი ოკეანეთი და ევროპა-ახლო აღმოსავლეთი-აფრიკა.

რაც შეეხება მოდელებს, უფრო მეტად Huracan-ი (ფოტოზე) იყიდება. მისმა გაყიდვებმა 1 370 ერთეული შეადგინა. ეს ავტომობილი ბაზარზე ორი წლის წინათ გამოვიდა და პირველივე წელს იმაზე 87 პროცენტით მეტი გაიყიდა, ვიდრე წინამორბედი Gallardo მის სადებიუტო წელს. დანარჩენი 643 გაყიდვა Aventador-ზე მოდის.

უფრო საინტერესო კი ისაა, რომ ეს მაჩვენებლებიც არაა ზღვარი და ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ გაყიდვები კიდევ უფრო მოიმატებს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ბაზარზე უგზოობის Urus-ი გამოვა. მოსალოდნელია, რომ მისი დახმარებით, „ლამბო“ გაყიდვებს გააორმაგებს.

შედარებისთვის, გაყიდვების ამ მოცულობით, Lamborghini Ferrari-სა და Aston Martin-ს შორისაა. მარანელოელებმა მარტო პირველ კვარტალში შეძლეს 1 882 ავტომობილის გაყიდვა, ანუ თითქმის იმდენივესი, რამდენიც მათმა მეზობლებმა სანტ’აგატადან. იმავდროულად, Aston Martin-მა შარშან სულ 3 615 ცალი სუპერ ავტომობილი გაჰყიდა. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ორივე კომპანიას Lamborghini-ზე გაცილებით მრავალფეროვანი სამოდელო გამა აქვს.