სანტ’აგატა ბოლონეზელთა გაყიდვებმა, მათ ისტორიაში პირველად გადალახა 3000-იანი ზღვარი. Lamborghini-მ სულ 3 245 სუპერ ავტომობილი გაჰყიდა. იტალიურ კომპანიას მსოფლიოს 50 ქვეყანაში 135 დილერი ემსახურება, რაც წინა წელთან შედარებით, 28 პროცენტით მეტია, 2010 წელთან შედარებით კი – 2.5-ჯერ მეტი. რა თქმა უნდა, გაყიდვების ზრდა, სადილერო ქსელის გაფართოების პირდაპირი შედეგია.

„ჩვენ გაყიდვები ყველა ძირითად ბაზარზე გავზარდეთ. ამერიკასა და აზია წყნარი ოკეანის მხარეში კი რეკორდული გაყიდვები გვქონდა. ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზრებია ამერიკა და ჩინეთი. მათ მოჰყვებიან იაპონია, ბრიტანეთი, ახლო აღმოსავლეთი და გერმანია. შარშან ყველა ამ ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა“, – ამბობს Lamborghini-ს მთავარი აღმასრულებელი სტეფან ვინკელმანი.

lamborghini-huracan-3

„გამძვინვარებული ხარების“ გაყიდვებში ლომის წილი Huracan LP 610-4-ზეა, რომელიც 2 242 ცალი გაიყიდა. ამ ავტომობილმა ბაზარზე ჯერ მხოლოდ ერთი სრული წელი სწორედ შარშან გაატარა. პირველ 18 თვეში, რაც ეს ავტომობილი ბაზარზეა, წინამორბედ Gallardo-სთან შედარებით, იმავე პერიოდში გაყიდვები 70 პროცენტით გაეზარდა.

მოსალოდნელია, რომ წელს გაყიდვები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ბაზარზე Huracan Spyder LP 610-4-ი გამოვა. ამასთან, ახლახანს დაიწყო უკანა ამძრავიანი Huracan LP 580-2-ის გაყიდვებიც, რომლის პრემიერაც ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე გაიმართა.

ჟენევაში იტალიური კომპანია კიდევ ერთ ახალ ავტომობილს წარადგენს, რომელსაც ამ ეტაპზე, Centenario-დ მოიხსენიებენ. ოღონდ, ეს ექსკლუზიური, საიუბილეო ავტომობილია და მას ძალიან შეზღუდული რაოდენობით, 40 ცალს (20 კუპე და 20 კაბრიოლეტი) დაამზადებენ. მისი სავარაუდო ფასი კი 2.2 მილიონი ევროა. ეს ავტომობილი Aventador-ის ბაზაზე შეიქმნა და გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანზე შეკვეთები უკვე მიღებულია.