Lamborghini-ი მალე კიდევ ერთი სუპერ ავტომობილით გაგვაკვირვებს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, მეტსახელად „ჰიპერ ველოჩე“ (ჰიპერ სწრაფი) დაერქმევა. ამ ავტომობილს პირველად პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, ძალიან შეზღუდული რაოდენობის ერთგულ კლიენტებს უჩვენებენ.

ამ ავტომობილის შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი. ერთი წყაროს ინფორმაციით, ის „ავენტადორ სუპერ ველოჩეს“ ბაზაზე შეიქმნა და მისი შეძენის შესაძლებლობა, „ლამბოს“ ერთგულ კლიენტებს მიეცემათ. ამასთან, კუპეს ძარით ეს ავტომობილი მხოლოდ 20 ცალი დამზადდება, როდსტერის ძარით კი – მხოლოდ 10 ცალი. და ამ ავტომობილს 800-ცხენისძალიანი ძრავი (ავენტადორ SV-ზე 50 ცხენით ძლიერი) მოემსახურება. ამასთან, ის იქნება დონორზე მსუბუქი და უკეთესი აეროდინამიკური პაკეტითაც აღიჭურვება.

ამგვარად, „ლამბორგინი“ გააგრძელებს თავისსავე ტრადიციას, რომლის შესაბამისადაც, მყიდველს ძალიან შეზღუდული რაოდენობით, გამორჩეულ ავტომობილებს სთავაზობს. ასეთებია „სესტო ელემენტო“, „რევენტონი“ და „ვენენო“. ამათ შორის არ მოვიხსენიებთ „ეგოისტას“, რომელიც მხოლოდ ერთი ცალი დამზადდა და ისიც სანტა’აგატა ბოლონეზეში, „ლამბორგინის“ მუზეუმში დგას.

ამათგან ყველაზე გამორჩეული არის „ვენენო“, რომელიც მხოლოდ 13 ცალი დამზადდა. აქედან 4 კუპეა, 9 – როდსტერი. თითოეული მათგანი 4.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

პებლ ბიჩის შემდეგ, „ჰიპერ ველოჩეს“ ფრანკფურტის მოტორ შოუზეც წარადგენენ.