ლამბორგინის მთავარ აღმასრულებელ სტეფან ვინკელმანის თქმით, მოდელ Huracan-ის ვერსიების გამა მალე მინიმუმ ხუთამდე გაიზრდება. ახალი, უკანა ამძრავიანი LP580-2-ის გამოსვლის შემდეგ, Huracan-ის ვერსიების რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ეს ოთხეულია: „LP610-4 კუპე“, „LP610-4 სპაიდერი“, „LP620-2 სუპერ ტროფეო“ და ზემოთ ნახსენები LP580-2.

ვინკელმანი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მალე აუდის ჩაუდგება სათავეში, ამბობს, რომ Huracan-ი მისი კომპანიის ისტორიაში ყველაზე „მოქნილი“ ავტომობილია და შემუშავების პროცესის დასაწყისიდანვე, მის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია ის, რომ მის ბაზაზე რამდენიმე ვერსია დამზადდებულიყო. მისივე თქმით, სულ სხვაგვარად მოხდა Galardo-ს შემთხვევაში, რომლის საბაზო მოდელი ისე დამზადდა, რომ მისი კონსტრუქცია ვერსიებზე გათვლილი არ იყო.

Lamborghini Huracan LP 580-2 3

დიდი ალბათობით, Huracan-ის შემდეგი ვერსია „LP580-2 სპაიდერი“ იქნება. გარდა ამისა, ვინკელმანმა მინიშნება გააკეთა იმაზეც, რომ მისი კომპანია Huracan-ის უფრო ტემპერამენტიან ვერსიებსაც გამოუშვებს, რომლებსაც სახელში „სუპერველოჩე“ (ზესწრაფი) და „სუპერლეგერა“ (ზემსუბუქი) დაემატება. და ესეც პროექტირების დროს იყო გათვალისწინებული.

ვინკელმანი Huracan-ის ხუთივე ვერსიას ასე ახასიათებს: „ცხოვრებისეული, სასიამოვნო სამართავი, სწრაფი, ძალიან სწრაფი და სარბოლო“. ამათგან პირველ ვერსიას, ცხოვრებისეულს, კიდევ რამდენიმე განშტოება შეიძლება ჰქონდეს. „ამ ვერსიებზე რაც მეტს ვფიქრობთ, მით მეტი საინტერესო იდა მოგვდის თავში. მაგრამ ყველას განვახორციელებთ თუ არა, ეს ცალკე საკითხია, რადგან ამას ინვესტიცია სჭირდება, უნდა გავითვალისწინოთ საწარმოო შესაძლებლობები და ბევრი სხვა საკითხი“, – დასძენს ვინკელმანი.