Huracan-ის და Aventador-ის გარდა, Lamborghini პერიოდულად ერთჯერადი პროექტებითაც გვაოცებს ხოლმე. მაგალითად, Veneno, Sesto Elemento, Egoista – სუპერ ავტომობილების ნებისმიერ ფანს მოხიბლავს. ამ სიას აუცილებლად დაემატება ახალი სხელები. ამ როლს საუკეთესოდ მოერგებოდა ეს კონცეპტი, სახელად Bandido, რომელიც „ეგოისტას“ ხაზის გამგრძელებელი შეიძლება იყოს.

ავტომობილი მილანის პოლიტექნიკური სკოლის ტრანსპორტის და საავტომობილო დიზაინის კურსდამთავრებულებმა, ფერნანდო პასტრე ფერტონანიმ და იანგზნან კანგმა შეიმუშავეს. პირველი ექსტერიერზე მუშაობდა, მეორე კი – კოკპიტზე. მათ მუშაობას „ლამბორგინის“ დიზაინის დეპარტამენტი კურირებდა. მათ შეიმუშავეს ავტომობილი, რომელიც მათივე აზრით, შესაძლოა სანტ’აგატა ბოლონეზელებმა 2030 წელს გამოუშვან.

Egoista-სგან განსხვავებით, Bandido ღიაკოკპიტიანი ავტომობილია, როგორც ფორმულა 1-ის ბოლიდი. ოღონდ, მისგან განსხვავებით, ეს ელექტრომობილია – მის ყველა ბორბალში თითო ელექტრო ძრავი განლაგდა. საინტერესოა, რომ იტალიური კომპანია ჯიუტად აგრძელებს V კონფიგურაციის მრავალცილინდრიანი ატმოსფერული ძრავების გამოყენებას. ეს მაშინ, როცა სუპერ ავტომობილების სხვა მწარმოებლები უკვე შეუდგნენ ტურბინიზაციას და ჰიბრიდიზაციას. თუმცა 13 წელი საკმრისი დროა იმისათვის, რომ კომპანიამ სუპერ ელექტრომობილების გამოშვება გადაწყვიტოს.

კონცეპტის გარეგნობაში შეინიშნება სტელსის ტიპის თვითმფრინავების სტილი, რომელიც ბოლო დროს „ლამბოს“ ავტომობილების ამოსაცნობი ნიშანი გახდა. Bandido-ს შემთხვევში, ეს სტილი უფრო უხეში, წაწვეტებული ფორმებითაა გამოხატული და ეს ყველაფერი, ავტომობილს ძალიან აგრესიულ იერს ანიჭებს.

არავინ იცის, რა ბედი ელის პროექტს. მსგავსი ნამუშევრები ხშირად თაროზე იმტვერება ხოლმე. თუმცა, თუ შემკვეთი გამოჩნდა, Lamborghini მისი სურვილის შესრულებაზე უარს არ იტყვის. მთავარია, შემკვეთმა შესაფერისი (მრავალნულიანი) თანხა გაიმეტოს.