Lamborghini კარგა ხანს წინაღმდეგობას უწევდა ჰიპერ ავტომობილების კლასში დაწყებულ ჰიბრიდულ-ელექტრულ ტრენდს. მაგრამ როგორც ჩანს, სანტ’აგატა ბოლონეზელებიც გატყდნენ. ყოველ შემთხვევაში, დაუდასტურებელი ინფორმაცის მიხედვით, იტალიური კომპანია განვითარების ჰიბრიდულ საფეხურს ტოვებს და პირდაპირ ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს.

მას შემდეგ, რაც Ferrari-მ, Porsche-მ და McLaren-მა თავიანთი ახალი ჰიპერ ავტომობილები გამოუშვეს და ძალიან სწრაფად გაყიდეს, „ლამბომ“ განაცხადა, რომ ელექტრულ ძალას კი არა, შიდაწვის ძრავებზე ტურბინების გამოყენებასაც არ აპირებს. მაგრამ გავიდა ცოტა დრო და სულ უფრო ხშირად გაიგონებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს კომპანია ელექტრომობილის გამოშვების მიზანშეწონილებას განიხილავს. მაგრამ ახალი ცნობით, საქმე უფრო შორსაც კი არის წასული.

lamborghini-asterion-2

გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, Lamborghini უკვე მუშაობს ელექტრულ სუპერ ავტომობილზე, რომელიც იმავე J1 მოდულურ არქიტექტურას დაეფუძნება, რომელზეც Porsche თავის უახლეს ელექტრომობილ Mission E-ს ააგებს. ეს არქიტექტურა გაბარიტულ ცვლილებას ადვილად ექვემდებარება და ამის წყალობით, VW-ის ჯგუფში მის ფართოდ გამოყენებას გეგმავენ.

lamborghini-asterion-3

ინფორმაციის წყარო ასევე გვამცნობს, რომ Lamborghini თავის პირველ ელექტრომობილს Vitola-ს დაარქმევს. მას Aventador SV-ზე მეტი სიმძლავრე ექნება და სწრაფად დასამუხტ სისტემას გამოიყენებს. ეს ავტომობილი ადგილიდან ასის აკრეფას სულ რაღაც, 2.5 წამში მოასწრებს.

რამდენადაც Vitola იქნება „ლამბოს“ პირველი ნაბიჯი მისთვის ახალ სეგმენტში, ის მას შეზღუდული ტირაჟით გამოუშვებს.