Countach-ი არის სუპერ ავტომობილი, რომელმაც Lamborghini სუპერ ავტომობილების ბაზრის ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. მისი თამამი და უხეში ფორმები, ბევრ ავტომოყვარულს იზიდავდა და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მოდელი წარმოებაში 1974-დან 1990 წლამდე დარჩა. ის ახლა კომპანიის მუზეუმს ამშვენებს. დიზაინერები კი მისი სტილის ინტერპრეტაციებს დღესაც გვთავაზობენ.

Countach-ის საკუთარი, თანამედროვე ვერსიის ესკიზები გამოაქვეყნა სტუდიამ სახელად YasidDesign, რომელმაც მანამდე “ლამბოს” კიდევ ერთი ლეგენდარული მოდელის, Miura-ს საკუთარი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. პროექტის ავტორმა Countach-ის ბოლო ვერსია, ძირითადად კარბონის აეროდინამიკური ელემენტებით შეავსო და ბორბლების თაღები გაუგანიერა. დამახასიათებელი ცხვირის წყალობით, ავტომობილი წინიდან Aventador-საც კი დაემსგავსა. თუმცა მის წარმომავლობას უტყუარად ადასტურებს უკანა ბორბლების თაღების ზედა ნაწილში მოთავსებული ორი გიგანტური ჰაერის ამღები. ამასთან, უკანა ნაწილში დიდი ზომის ანტი ფრთა განლაგდა.

„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ Lamborghini Miura-ს ინტერპრეტაცია საინტერესო და მიმზიდველი ექსპერიმენტი გამოდგა, რომლის ნახვის შემდეგაც, ზოგმა გვთხოვა, მსგავსი ექსპერიმენტი Countach-ზეც ჩაგვეტარებინა. ჩვენც ავტომობილის სახელდახელო პროექტი შევასრულეთ და მის ფორმებში, Aventador SV-ს სტილის ელემენტები ჩავაქსოვეთ, გვერდიდან კი ის Huracan-ს დავამსგავსეთ“, – წერია ესკიზის განმარტებაში.

დაბოლოს, YasidDesign-ი გვატყობინებს, რომ მისი შემდგომი ექსპერიმენტი „ლამბოს“ კიდევ ერთ პოპულარულ მოდელ Diablo-ს შეეხება.