მალე Lamborghini-ს სამოდელო გამას მესამე ავტომობილი შეემატება, რაც ამ კომპანიის ისტორიაში პირველად მოხდება. სანტ’აგატა ბოლონეზელები უგზოობის „ურუსის“ წარმოებას დაიწყებენ. და როგორც მისი მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე ამბობს, წარმოების გაფართოება ამით არ შემოიფარგლება. მარკიონეს თქმით, არსებობს იმის შანსი, რომ „ლამბო“ მეოთხე, კომპაქტურ მოდელსაც გამოუშვებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მარკიონე პასუხობს: „ვფიქრობ, პასუხია – ალბათ კი. მაგრამ ამ ეტაპზე, მთავარია მესამე მოდელი ბაზარზე დამკვიდრდეს, რაც მეოთხეზე ფიქრის საუალებას მოგვცემს“. Ferrari-ს ფ1-ის გუნდის ყოფილი შეფის აზრით, Huracan-ის და Aventador-ისთვის უნიკალური პლატფორმების გამოყენება, ბიზნესის თვალთახედვით, უსარგებლო ფუფუნებაა. მას მიაჩნია, რომ ყველა სუპერ ავტომობილი საერთო არქიტექტურაზე უნდა დამზადდეს.

„როცა სუპერ სპორტქარებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ  ყველაზე მართებული მიდგომა, მოდულური სტრუქტურის გამოყენება იქნება. არ შეიძლება გვქონდეს ორი მოდელისთვის ორი განსხვავებული შასი, ორი ძრავი, ორი ტრანსმისია. ბიზნესის მხრივ, ეს გაუმართლებელია. ეს ის საკითხია, რომელზე ფიქრიც აუცილებლად მოგვიწევს“, – ამბობს მარკიონე.

თუ Lamborghini მართლაც გადაწყვეტს მესამე, კომპაქტური სუპერ ავტომობილის გამოშვებას, ის კონკურენციას McLaren 570S-ს და Ferrari-ს ახალ ავტომობილს გაუწევს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ბაზარზე Dino-ს სახელით გამოვა.