სანტ’აგატა ბოლონეზეში წარმოებული ავტომობილების მფლობელებმა და ენთუზიასტებმა, შვეიცარიის ნეუშატელში დიდი ფესტივალი-აღლუმი, Lamborghini-ს და დიზაინის ელეგანტურობის კონკურსი ჩაატარეს. მასში მონაწილეობა, იტალიური კომპანიის მიერ გამოშვებულ პრაქტიკულად ყველა გამორჩეულმა მოდელმა მიიღო.

აღლუმში მონაწილეობდნენ: Miura, Espada, Countach-ი, Diablo, Jarama, Silhouette, 350/400 GT და უგზოობის LM002. გარდა ამისა, თავად კომპანიამ საზოგადოებას თავისი თანამედროვე მოდელები – Aventador-ი, Huracan-ი და როდსტერი Veneno-ც კი წარუდგინა.

წარმოდგენის ნამდვილ ვარსკვლავად, კონცეპტუალური Marzal-ი იქცა, რომელიც Bertone-ს სახელოვანი დიზაინერის, მარჩელო განდინის მიერ არის შემუშავებული. ავტომობილს აქვს მთლიანად გამჭვირვალე, თოლიას ფრთის ტიპის ორი კარი და ასევე გამჭვირვალე სახურავი. ვერცხლისფერი კონცეპტის პირველი ჩვენება ჟენევის 1967 წლის მოტორ შოუზე გაიმართა, რის შემდეგაც, ფორმულა 1-ის მონაკოს დიდი პრიზის წინ, ტრასაზე ამ ავტომობილით თვით მონაკოს პრინცმა რენიემ და მისმა მეუღლემ, სახელოვანმა მსახიობმა, პრინცესა გრეისმა გაინავარდეს. ეს ავტომობილი 2011 წელს ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე, კერძო კოლექციონერმა 2 მილიონ დოლარად შეიძინა.

ნეუშატელის ელეგანტურობის კონკურსზე, საუკეთესოდ მწვანე ფერის 1971 წლის Miura დასახელდა. ეს ავტომობილი იაპონელ კოლექციონერს ეკუთვნის. სპეციალური პრიზი „მარცალმაც“ დაიმსახურა. ბრიტანელი კოლექციონერი და მისი 1987 წლის Countach QV იმით გამოარჩიეს, რომ მათ 1 500 მილი (დაახლოებით 2 410 კილომეტრი) გაუვლიათ იმისთვის, რომ კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ.