Lamborghini Centenario – ასე ეწოდბა ავტომობილს, რომელსაც იტალიური კომპანია თავისი დამაარსებლის, ფერუჩო ლამბორგინის 100 წლის იუბილეს მიუძღვნის. მისი პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება. ლამბორგინი ამბობს, რომ ამ სუპერ ავტომობილის დიზაინი თავის რჩეულ კლიენტებს დახურულ ჩვენებაზე წარუდგინა. ახლახანს კი გამოცემა „ავტოქარმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველა Centenario პრემიერამდე უკვე გაყიდულია.

სანტ’აგატა ბოლონეზელები მხოლოდ 40 ცალი Centenario-ს დამზადებას აპირებენ. მათგან ნახევარი კუპე იქნება, ნახევარი კი – კაბრიოლეტი. თითოეულის ფასი 2.2 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ Lamborghini-მ უკვე გამოუშვა სპეც მოდელები – Sesto Elemento, Aventador J, Reventon და Veneno. ამასთან არაა გამორიცხული, რომ Egoista-ც ძალიან შეზღუდული ტირაჟით დამზადდეს.

Lamborghini-Veneno-Roadster-2

სპეც მოდელების უმეტესობის მსგავსად, Centenario-ს ბაზისადაც ავენტადორს“გამოიყენებენ (ეს თავად კომპანიის აღმასრულებელმა სტეფან ვინკელმანმა დაადასტურა). შესაბამისად, სუპერ ავტომობილი 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 760 ცხენის ძალა იქნება. სხვა ინფორმაცია (მათ შორის სავარაუდო), ამ ავტომობილზე თითქმის არ არსებობს.

ვინკელმანის თქმით, ახალ სუპერ ავტომობილს საგზაო სერტიფიკატი ექნება და მის კონსტრუქციაში, კომპანიის ხელთ არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. ეს ეხება როგორც შასის, ასევე გამოყენებულ მსუბუქ მასალებს, აეროდინამიკას და ძალურ დანადგარს. ახალი ექსკლუზიური ავტომობილის შემუშავებას, მაურიციო რეჯანი უძღვებოდა.