Lamborghini თითზე ჩამოსათვლელ ავტომობილებს აწარმოებს, თუმცა ყოველი მათგანი, საავტომობილო სამყაროსთვის მოვლენაა. პარიზის მოტორ შოუსთვისაც ასეთ მოვლენად იქცა კომპანიის დამაარსებელ ფერუჩო ლამბორგინის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი Centenario-ს ღია ვერსია – Centenario Roadster-ი. თუმცა ისიც უნდა თქვას, რომ ეს ამ ავტომობილის პირველი გამოჩენა არ ყოფილა – სანტ’აგატა ბოლონეზელებმა პარიზამდე ის მონტერეის (აშშ, კალიფორნია) ფესტივალზე წარადგინეს.

საინტერესოა, რომ იტალიურმა კომოპანიამ კუპე Centenario ჟენევურ პრემიერამდე გაჰყიდა. როდსტერს მხოლოდ 20 ცალს დაამზადებს და მათზეც შეკვეთები უკვე მიღებულია. არადა, თითოეული 2.0 მილიონი ევრო ღირს. თან ამ ფასში არ შედის იმ ქვეყნის გადასახადები, სადაც გაიყიდება.

lamborghini_centenario_roadster_07

კუპეს მსგავსად, როდსტერიც ატმოსფერული 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით არის აღჭურვილი. მისი სიმძლავრე 759 ცხენის ძალაა, 19-ით მეტი, ვიდრე Aventador SV-ს შემთხვევაში იძლევა. ასევე გაიზარდა (8350-დან) მუხლა ლილვის ბრუნთა მაქსიმალური რიცხვი, რომელმაც წუთში 8600-ს მიაღწია.

როდსტერი 1570 კილოგრამს იწონის, რაც კუპეს წონაზე 50 კილოგრამით მეტია. ეს გამოიწვია იმან, რომ სახურავის არქონის გამო, შასი გასაძლიერებელი გახდა. და მაინც, Centenario Roadster-ს წონისა და სიმძლავრის შესანიშნავი ფარდობა აქვს – პირობით ტონაზე 483 ცხენის ძალა. ეს მის ტემპერამენტზეც აისახება – როდსტერს ადგილიდან ასის აკრეფა 2.9 წამში შეუძლია, რაც კუპეს აჩქარებაზე 0.1 წამით მეტი მეტია. მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს აღწევს.

lamborghini_centenario_roadster_06

„ლამბორგინი“ ამბობს, რომ როდსტერის გარეგნობაში, კომპანიის დიზაინის ახლებური მიდგომაა ასახული, რომელიც ერთი ფრაზით ასე გამოიხატება – „ფორმა ფუნქციას შეესაბამება“. ეს ნიშნავს, რომ აეროდინამიკა წინა პლანზე წამოიწევს, რაც სუპერ ავტომობილებისთვის ბუნებრივია, თუმცა ლამბოს შემთხვევაში, ყოველთვის ასე არაა.

ავტომობილი კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ სტრუქტურაზეა დაფუძნებული და ძარაც ძირითადად კარბონისგან დამზადდა. მას ავტომატურად რეგულირებადი უკანა ანტი ფრთა აქვს, რომელიც ბორბლების ჩაჭიდების გაზრდას ემსახურება. დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, ის დამალული. სიჩქარის ზრდის და უფრო აგრესიული რეჟიმით მართვისას, ფრთა „საბრძოლო პოზიციას“ იკავებს. საწყისი პოზიციიდან ის მაქსიმუმ 150 მილიმეტრით გამოიწევა, მისი დახრა კი 15 გრადუსის დიაპაზონში იცვლება.

მართვის გაუმჯობესებას და მოსახვევებში მდგრადობას უზრუნველყოფს უკანა მართვადი ბორბლები, რომლებიც Pirelli Pzero საბურავებით არის შემოსილი. წინების დიამეტრი 20 დუიმია, უკანებისა კი – 21. ბორბლების კონსტრუქცია ისეა შემუშავებული, რომ კარბონ-კერამიკული მუხრუჭების მაქსიმალურად ეფექტურ გაგრილებას უზრუნველყოფს.