სუპერ ავტომობილების მწარმოებლები სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ ისეთ ეგზოტიკურ მასალას, როგორიცაა კარბონის ბოჭკოს კომპოზიტი. ამ მასალამ ავტოინდუსტრიაში ავტოსპორტიდან, კერძოდ კი ფორმულა 1-დან შეაღწია, სადაც მისი გამოყენება 1980-იანი წლებიდან დაიწყო. ამ მასალის დადებითი თვისებებია სიმსუბუქე და სხვადასხვა ტიპის დატვირთვებისადმი მაღალი მედეგობა.

lambo-to-expand-carbonfiber-footprint-4

ყველა ფიზიკური მახასიათებლით, კარბონის კომპოზიტი ფოლადს და ალუმინს სჯობნის. თუმცა მის ფართოდ დანერგვას, სიძვირე და წარმოების სირთულეები წარმოადგენს. მაგრამ დრო გადის და ავტოინდუსტრიაც თანდათან ითვისებს ამ შესანიშნავ მასალას. ამ მხრივ, მოწინავეები სწორედ სუპერ ავტომობილების მწარმოებლები არიან, რასაც ობიექტური მიზეზები განაპირობებს. ჯერ ერთი, სუპერ ავტომობილს არ „ეშინია“ ძვირი მასალების. მეორე, სუპერ ავტომობილის წარმოება მცირესერიულია.

lambo-to-expand-carbonfiber-footprint-2

მართალია, BMW-მ თავის „მწვანე“ შტო i-ს ავტომობილებზე კარბონის ფართოდ გამოყენება დაიწყო, მაგრამ ეს მასალა ჯერაც რჩება ეგზოტიკურად. და ამიტომ, მას ჯერჯერობით ძრითადად სუპერ ავტომობილების წარმოებისას იყენებენ. მათ შორის არის Lamborghini, რომელმაც თავისი ავტომობილების ძარის ცალკეული ელემენტების კარბონით წარმოება უკვე აითვისა. მაგრამ ამ მასალის უფრო ფართოდ დანერგვასაც გეგმავს.

ერთ-ერთი ახალი როლი, რომელშიც „ლამბო“ კარბონის გამოყენებას აპირებს, არის ძრავის ბარბაცა, რომელიც მუხლა ლილვს დგუშთან აკავშირებს და ძრავის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ერთ-ერთი დეტალია იმ მრავალთაგან, რომლებსაც იტალიური კომპანია თავის ახალ, სიეტლის (აშშ) მოწინავე კომპოზიტური სტრუქტურების ლაბორატორიაში იკვლევს. ამ ცენტრის გახსნის ცერემონიაზე, „ლამბოს“ ახალმა მთავარმა აღმასრულებელმა სტეფანო დომენიკალიმ განაცხადა, რომ „ამ ცენტრში ჩატარებული კვლევები და იქ შემუშავებული ახალი მასალები, მისი კომპანიის „მომავლის ხედვას წარმოადგენს“.

lambo-to-expand-carbonfiber-footprint-3

კარბონის ბარბაცების გამოყენებით, „ლამბო“ თავის V12 ძრავებზე, მარტო ამ დეტალების წონას 40-50%-ით შეამცირებს. უშუალოდ აგრეგატის წონის შემცირების გარდა, მსუბუქი ბარბაცების გამოყენება, ძრავს უფრო ეფექტურს გახდს და ის უფრო სწრაფად შეძლებს ბრუნთა რიცხვების გაზრდას. როგორც „ლამბოს“ კვლევისა და განვითარების შეფი მაურიციო რეჯანი ამბობს, კარბონის ბარბაცების კვლევის დასრულება 1-1.5 წელიწადშია მოსალოდნელი. სერიულ ძრავებზე კი ეს დეტალები 2020 წელს უნდა გამოჩნდეს, როცა ბაზარზე Aventador-ის შემცვლელი გამოვა.

Lamborghini ასევე მუშაობს კარბონის კომპოზიტისგან დეტალების წარმოების დროის შემცირებაზე. კერძოდ, ჯერ კიდევ 2010 წელს, სუპერ ავტომობილ Sesto Elemento-ს (ფოტოზე) წარმოებისას, ახალი ტექნოლოგია, კარბონის დეტალების 80%-ზე გამოიყენეს.