მონტერეის მახლობლად, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, Lamborghini-მ თავის მოდელ Aventador-ის ზესწრაფ ვერსია SV-ს (სუპერველოჩე) ღიაძარიანი ვარიანტი წარადგინა. პრემიერისას გამოცხადდა, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელები ამ ავტომობილს მხოლოდ 500 ცალს დაამზადებენ, ანუ 100-ით ნაკლებს, ვიდრე მისი კუპესძარიანი ვერსია გამოუშვეს.

ავტომობილი ხისტი მოსახსნელი სახურავითაა აღჭურვილი, რომელიც კარბონის კომპოზიტსგან არის დამზადებული და ის მხოლოდ ექვს კილოგრამს იწონის. ამასთან, სახურავი იოლად და სწრაფად იხსნება. უკანა შუშა კი შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით აიწევა, ან დაიწევა. როცა სახურავი მოხსნილია, აწეული უკანა შუშა, ქარის ეკრანის როლს ასრულებს.

lamborghini-aventador-sv-roadster-quail-1

რაც შეეხება ძრავს, ესაა 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12, რომელიც ისევე როგორც კუპე „სუპერველოჩეზე“, 750 ცხენის ძალას და 690 ნიუტონმეტრს ავითარებს. მასთან წყვილში რობოტიზებული 7-საფეხურიანი ტრანსმისია მუშაობს, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხივე ბორბალს უნაწილებს. როდსტერი კუპეზე 50 კილოგრამით მეტს, 1575 კილოგრამს იწონის. ამის მიზეზი ისაა, რომ მუდმივი სახურავის დაკარგვის გამო, რაც როგორც წესი, ავტომობილის მზიდი სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, შასის გაძლიერება დასჭირდა.

lamborghini-aventador-sv-roadster-quail-2

ნებისმიერ შემთხვევაში, ღია სუპერ ავტომობილი შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლებით გამოირჩევა – ადგილიდან ასის აკრეფა 2.9 წამში შეუძლია, რაც 0.1 წამით მეტია კუპეს აჩქარებაზე. მაქსიმალური სიჩქარე კი ორივეს თანაბარი აქვს – 350 კმ/სთ. ოღონდ, როდსტერი ამ სიჩქარეს მაშინ აღწევს, როცა სახურავი ადგილზე აქვს.