Lamborghini-მ თავისი ფლაგმანი მოდელი Aventador-ი განაახლა და პრემიერამდე ორიოდე თვით ადრე, ინტერნეტით გაგვაცნო. სახელში სუფიქს S-ის გამოჩენა იმის ნიშანია, რომ ახალი ავტომობილი, მის წინამორბედზე აგრესიული და ტემპერამენტიანი იქნება. ამაში კი მას 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავი დაეხმარება. სანტ’აგატა ბოლონეზელები ახალ ავტომობილს, ახალი თაობის „ავენტადორს“ უწოდებენ, თუმცა რეალურად, სახეზეა ავტომობილის შუაციკლური განახლება.

განახლებულია ექსტერიერი, რომელსაც აქვს უფრო აგრესიული ცხვირი, წაგრძელებული წინა სპლიტერი, დიდი ზომის უკანა დიფუზორი, რომელიც მყიდველის სურვილის შემთხვევაში, კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ჰაერის ამღებები, რომლებიც ლეგენდარული Countach-ის მსგავსად, უკანა ბორბლების თაღების მაღლა განლაგდა.

ამ ცვლილებათა წყალობით, განახლებულ Aventador-ს მის წინამორბედთან შედარებით, წინა ბორბლების ჩაჭიდება 130 პროცენტით აქვს გაზრდილი. გარდა ამისა, უკანა ანტი ფრთის წყალობთ, რომელიც სამ პოზიციაში ფიქსირდება, მის ოპტიმალურ პოზიციაში ყოფნისას, ავტომობილის აეროდინამიკური ეფექტურობა 50 პროცენტით არის გაუმჯობესებული, დაბალი წინააღმდეგობის პოზიციაში კი ეს მაჩვენებელი თითქმის 400 პროცენტით არის გაზრდილი.

ძრავი იგივე დარჩა, თუმცა „ლამბოს“ ინჟინრებმა ის დახვეწეს, რის შემდეგაც სიმძლავრე 740 ცხენის ძალა გახდა (40 ცხენის ძალით გაიზარდა), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 690 ნიუტონმეტრი. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ შეიცვალა სარქველების გაღება-დახურვის დროები და ოპტიმიზაცია ჩაუტარდა შემშვებ სისტემას. საბოლოოდ, ძრავის მუხლა ლილვის ბრუნთა მაქსიმალური რიცხვი 8 350-დან 8 500-მდე გაიზარდა.

ძრავთან 7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი უკავშრდება, საიდანაც გადამუშავებული ძალა ოთხივე ბორბალს უნაწილდება. ამ ტანდემის დახმარებით, ახალ „ავენტადორს“, რომელიც 1 575 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს აღწევს. ახალი სუპერ ავტომობილის სიმძლავრისა და წონის ფარდობა, ცხენის ძალაზე 2.13 კილოგრამია.

რაც შეეხება ავტომობილის მზიდ სტრუქტურას, წინამორბედის ამავე ელემენტის მსგავსად, ისიც კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან არის დამზადებული. გარდა ამისა, ავტომობილს ოთხივე ბორბალი მართვადი აქვს. ეს პირველი სერიული „ლამბოა“, რომელიც ოთხივე მართვადი ბორბლითაა აღჭურვილი. ამ სისტემის წყალობით, დაბალ და საშუალო სიჩქარეებზე „ავენტადორი“ უფრო მანევრულია, მაღალ სიჩქარეზე კი მისი სტაბილურობა უმჯობესდება. შეიცვალა საკიდარის მაგნეტორეოლოგიური ამორტიზატორების მახასიათებლები და თვითონ საკიდარის კინემატიკა, რაც ოთხივე მართვადი ბორბლის არსებობამ მოითხოვა.

ავტომობილის მუშაობის სამ რეჟიმს – სტრადას (საგზაოს), სპორტს და კორსას (სატრეკოს), დაემატა მეოთხე – ეგო. ამ რეჟიმში, შესაძლებელია საკიდარის და ძალური ტანდემის ინდივიდუალურად მორგება, რაც ავტომობილის მახასიათებლებს, კონკრეტული მძღლის (პილოტის) თვისებებს მაქსიმალურად მიუსადაგებს.

ახალი „ავენტადორ S“ აღჭურვილია ძალინ ეფექტური, კარბონ-კერამიკული მუხრუჭებით. გარდა ამისა, მისთვის Pirelli-მ სპეციალურად შეიმუშავა საბურავები, რომლებიც სწრაფი მოსახვევების უკეთ გავლის საშუალებას იძლევა. ამავე საბურავების დახმარებით, გაუმჯობესებულია მართვა, ჩაჭიდება, ზოლებს შორის მანევრირების უნარი და დამუხრუჭების ეფექტურობა.

Lamborghini ახალი Aventador S-ის მიწოდებას გაზაფხულზე დაიწყებს.