Lamborghini-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტომობილ Miura-ს 50 წელი შეუსრულდა და ამასთან დაკავშირებით, სანტ’აგარა ბოლონეზელები არაერთ ღონისძიებას – სპეციალურ ჩვენებებს, რალის რბოლებს და სხვას ატარებენ. მათ შორისაა სპეციალური საიუბილეო მოდელი, რომელიც Aventador-ის ბაზაზე მომზადდა.

სპეც მოდელის სახელია Aventador Miura Homage და ის იტალიური კომპანიის სპეც მოდელების შტო Ad Personam-ის მიერ არის შემუშავებული. ავტომობილი ორ ფერშია გამოწყობილი. ძირითადი ფორთოხლისფერია, ქვედა ნაწილი კი ოქროსფრად შეიღება. ამ ფერებს „ლამბო“ თავის დროზე „მიურასთვის“ იყენებდა. ფერთა არჩევანში ასევე შევიდა ბლუ ტაიტი (ლურჯი), ვერდე სკანდალ (მწვანე) და როსო არანიკო (გრეიპფრუტის ფერი).

Lamborghini Aventador Special  Edition Pays Homage To Miura

20 (წინა) და 21-დუიმიანი (უკანა) ბორბლები ოქროსფერია, რაც ავტომობილის ქვედა ნაწილის ფერს შეესაბამება. რამდენიმე ადგილზე მოთავსდა სპეც ვერსიის სახელი და ემბლემა. მყიდველის სურვილის შესაბამისად, ინტერიერი შავი (ნერო ადე) ან ყავისფერი (ტერა ემილია) ტყავით გაფორმდება.

Miura-ს მსგავსად, Aventador-იც V12 ძრავით არის აღჭურვილი, ოღონდ გრძივად არის განლაგებული და არა განივად. და რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ სიმძლავრეს და მაბრუნ მომენტს იძლევა. ესაა 6.5-ლიტრიანი V12, რომელიც 700 ცხენის ძალას და ამდენივე ნიუტონმეტრს იძლევა. შედარებისთვის, „მიურას“ თითქმის ორჯერ ნაკლები ცხენი ემსახურებოდა. ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ამ ტანდემის დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 2.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 350 კილომეტრს აღწევს.

Lamborghini Aventador Special  Edition Pays Homage To Miura3

საინტერესოა, რომ ათი წლის წინათ, კომპანიამ კონცეპტუალური Miura შეიმუშავა, რომელიც სწორედ ლეგენდარული მოდელის შთაგონებით შეიქმნა და ორიგინალურ მოდელს ჰგავდა. მაშნ იყო ლაპარაკი მის წარმოებაზე, თუმცა ეს არ მოხდა. რაც შეეხება Aventador Miura Homage-ს, იტალიური კომპანია მას შეზღუდული რაოდენობით, 50 ცალს გამოუშვებს. მათი ფასი ჯერჯერობით უცნობია.