Lamborghini-ს ავტომობილი სავსე ავზით – ვინ არ იოცნებებს ამაზე? მაგრამ არ იჩქაროთ, სანტ’აგატა ბოლონეზელთა ფლაგმან Aventador-ის ავზის ბოლომდე ავსება სახიფათო ყოფილა. სავსე ავზი თვითაალებას იწვევს! სწორედ ესაა იმს მიზეზი, რომ იტალიური კომპანია, მარტო შეერთებულ შტატებში, უფასო “რემონტზე” ათასზე მეტი Aventador-ის გაწვევას აპირებს.

აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (NHTSA) ინფორმაციით, Lamborghini-მ აღმოაჩინა, რომ როცა Aventador-ის ავზი სავსეა და ის სწრაფად მოძრაობს, რაც ამ ავტომობილის სტიქიაა, საწვავის ნაწილი შეიძლება ავზის ყელიდან ამოვიდეს და ცხელ დეტალებზე, მაგალითად გამოსაბოლქვი სისტემის ნაწილებზე მოხვდეს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მაშინ არის საშიში, თუ ავტომობილს მცირე ტუნინგი აქვს გავლილი, რა დროსაც მას გამოსაბოლქვს უცვლიან.

ბედად, ამ პრობლემას რაიმე სერიოზული ინციდენტი არ მოჰყოლია. მათგან ყველაზე სახიფათო მომენტი ის იყო, როცა ავტომობილის უკანა ნაწილში, ზოგიერთი დეტალი, რომლებიც გამოსაბოლქვ მილთან ახლოსაა, დადნა.

მაგრამ „ლამბორგინი“ სიფრთხილეს იჩენს და ამიტომ გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. ამიტომ ამერიკის ბაზარზე გაყიდულ 1 453 ცალ V12-ძრავიანი ძრავით აღჭურვილ ავტომობილს უფასოდ გაარემონტებს. მათ შორისაა შეზღუდული ტირჟებით გამოსული ვერსიები – Anniversario, Miura Homage, Pirelli Edition, Super Veloce და კუპე როდსტერი Veneno-ც კი. კომპანიას ეს პრობლემა უკვე მოგვარებული აქვს Aventador S-სა და SV-ზე და ადრე გამოშვებულ მოდელებსაც შესაბამის მოდიფიკაციას ჩაუტარებს.