Ferrari ჰიბრიდულ ღია ჰიპერ ავტომობილ LaFerrari Aperta-ზე შეკვეთების ლიმიტი, პარიზულ (შარშან) პრემიერამდე კარგა ხნით ადრე ამოწურა, თუმცა ახლახანს გადაწყვიტა, რომ მისი ერთი ეგზემპლარი კიდევ დაამზადოს. ეს დიდად გაახარებს ამ ავტომობილის ყიდვის მსურველებს, რადგან Aperta ახლა მხოლოდ მეორად ბაზარზე იშოვნება და თან ძალიან ძვირად – ზოგი დილერი მასში 7.3 მილიონ დოლარსაც კი იხდის.

დამატებითი, 210-ე ეგზემპლარი RM Sothebys-ის აუქციონზე, 9 სექტემბერს გაიყიდება. მას განსხვავებულ ფერში გამოაწყობენ, რომელსაც ასევე აუქციონზე პრეზენტაციისას გაგვაცნობენ. მარანელოელები ირწმუნებიან, რომ ბოლო ეგზემპლარი განსაკუთრებული და ყველა სხვა Aperta-სგან განსხვავებული იქნება და მისით მფლობელი საფუძვლიანად იამაყებს.

LaFerrari Aperta-ს ბოლო ეგზემპლარის სავარაუდო ფასად 3-4 მილიონ ევროს ასახელებენ. ჯერჯერობით უცნობია, რომელ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა მიღებული თანხა.

სტანდარტული ვერსიის მსგავსად, ბოლო LaFerrari Aperta-ც 6.2-ლიტრიანი V12 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 800 ცხენის ძალას იძლევა. მასთან წყვილში ელექტრო ძრავი მუშაობს, რომლის სიმძლავრე 163 ცხენის ძალაა. ამგვარად, ავტომობილს ჯამში 963 ცხენის ძალა ემსახურება. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს სამ წამზე ნაკლებში მიაღწიოს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს აღწევს.