მორიგი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ხელისუფლებამ ქუთაისის შემოვლით გზაზე უსაფრთხოების ზომების გაზრდის აუცილებლობა აღიარა და ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები დაგეგმა.

იმის შესახებ, რომ გზის ამ მონაკვეთზე პრობლემებია, „კომერსანტი“ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში წერდა და აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ გზაზე არსებული ხარვეზები ავტომობილით გადაადგილებას სარისკოს ხდიდა. მაშინდელ სტატიებში აღვნიშნავდით, რომ გზის გარკვეულ მონაკვეთებზე საგზაო მონიშვნები უხარისხოდ, ფრაგმენტულად არის გაკეთებული თუ შემორჩენილი. ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ წაშლილია.  ამას ემატება განათების არარსებობა, რის გამოც ღამის საათებში ხილვადობა მინიმუმამდეა დასული.

Kutaisi-shemovliti-1

ჩვენ მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრს ამ გზაზე ერთად გავლაც კი შევთავაზეთ, რათა მას თავად შეეფასებინა, რამდენად სარისკოა აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა. რისკები განსაკუთრებით ღამის საათებში მატულობს, რადგან გზაზე დღემდე არაა განათება. მაშინ პასუხად მივიღეთ, რომ გზას არავითარი პრობლემა არ აქვს და ის საავტომობილო მოძრაობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

კიდევ ერთი საფრთხე, რომელზეც მივუთითებდით და რომელიც, სხვა ფაქტორების მსგავსად, დღემდე არაა მოხსნილი, ვითეოთვალთვალის კამერების არარსებობაა.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ აღნიშნული გზა ორზოლიანია, ორმხრივი მოძრაობისას კი ეს ფაქტორი ძალიან  დიდ რისკს წარმოადგენს მძღოლებისა და მგზავრებისთვის.

არავინ დაობს, რომ შექმნილ სიტუაციაში გადამწყვეტი ფაქტორი მძღოლების პასუხისმგებლობის ხარისხია, თუმცა როდესაც ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია, სწორედ მაშინ უნდა აამოქმედოს ხელისუფლებამ შემაკავებელი ფაქტორები, რომლებიც ჩამოვთვალეთ.

სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დადგა ამ საკითხების მოგვარება ხელისუფლების დღის წესრიგში. იმედია, ამჯერად მაინც გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები, რათა ქუთაისის შემოვლითი გზა არ იყო „ხაფანგი“ მძღოლებისთვის, როგორც მას უკვე უწოდეს სოციალურ ქსელებში.

Kutaisi-shemovliti-2

მსგავსი „ხაფანგი“ წლების წინ იგოეთთან იყო, სადაც მაღალი სიჩქარით მოძრავი მძღოლები ინერციით აგრძელებდნენ სწრაფად მოძრაობას და ავარიების სტატისტიკაც შესაბამისი იყო. მას შემდეგ, რაც იქ ახალი გზა დაიგო და ცალმხრივი მოძრაობა გაიხსნა, აღნიშნულმა მონაკვეთმა „ავარიების ადგილის“ სტატუსი დაკარგა.

იგივე სტატუსი ახლა ქუთაისის ახლადგახსნილ შემოვლით გზას აქვს და ხელისუფლება, როგორც ჩანს, დაფიქრდა ამ პრობლემის მოგვარებაზე.

აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე ძმიმე ავტოავარია მოხდა. გუშინდელ ავარიამდე ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა აქ 2015 წლის აგვისტოში დაფიქსირდა და მას  ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

გუშინ კი იგივე გზაზე, არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი კი მძიმედაა დაშავებული.

ხელისუფლება დღესაც აცხადებს, რომ ავარიების მიზეზი არა გზა, არამედ ამ გზაზე მოძრაობის წესებისადმი მძღოლების დაუმორჩილებლობაა.

თუმცა, მთავრობა ქუთაისის შემოვლით გზაზე უსაფრთხოების სტანდარტების გაზრდას მაინც გეგმავს, კერძოდ, იგეგმება 2–ზოლიანი გზის 4–ზოლიანად გადაკეთება. ამის შესახებ „კომერსანტს “ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ აცნობა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სეთურიძე გზის ხარვეზით არ ხსნის და ამბობს, რომ რადგან მძღოლების თვითშეგნება ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა, ხელისუფლებამ თავად გადაწყვიტა უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება.

მისი თქმით, აღნიშნულ გზაზე  ყველა აუცილებელი საგზაო მონიშვნა და ნიშანია, რომელთა დანიშნულებაც სიჩქარის შეზღუდვაა. თუმცა, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, მძღოლების დიდი ნაწილი დაწესებულ შეზღუდვას – 90 კმ/ საათს – არ ემორჩილება. რაც შეეხება განათების პრობლემას, გიორგი სეთურიძის თქმით, ამ გზის განათების მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ეს მონაკვეთიც მალე განათდება, თუმცა ამ ფაქტორს საგზაო მოძრაობისთვის რისკად არ მიიჩნევს, რადგან, როგორც აღნიშნავს, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ასეთი კატეგორიის გზები არ არის განათებული, თანაც, როგორც გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, გუშინდელი შემთხვევა დღის საათებში მოხდა, რაც ამ ფაქტორის გავლენას გამორიცხავს.

„ავარიების ძირითადი მიზეზი არის გადაჭარბებული სიჩქარე და გასწრების წესების დარღვევა. პატრულიც და ჩვენც, ჩვენი კომპეტენციის მიხედვით, ვცდილობთ გზებზე უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას, მაგრამ თუ მძღოლი არ დაემორჩილა ამ წესებს, უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ გასცემს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არაა ავტობანი, სადაც 110 კმ/საათის სიჩქარითაა დაშვებული მოძრაობა. ესაა ჩვეულებრივი გზა, რომელზეც მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/საათია. ასე რომ, პირველ რიგში მძღოლების მხრიდან უნდა იყოს დაცული ყველა შეზღუდვა, რომელიც ამ გზებზეა დაწესებული. ვთხოვ ახალგაზრდა მძღოლებს და ყველა მძღოლს, გაითვალისწინონ, რომ შესაძლოა სულ მცირე გადაცდომის და საგზაო ნიშანზე მითითებული სიჩქარის უმნიშვნელო გადაჭარბების გამოც კი თვითმკვლელები ან მკვლელები გახდნენ. მიაქციეთ ნიშნებს ყურადღება და გახსოვდეთ, რომ სახლში გელოდებიან,“ – აცხადებს სეთურიძე.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის შემოვლით გზაზე საპატრულო ეკიპაჟების და რადარების რაოდენობის გაზრდაც იგეგმება. მთავარია,  ხელისუფლებამ პრობლემას არა ერთჯერადი ზომებით, არამედ კომპლექსური მიდგომით უპასუხოს.

სამწუხაროდ, პრობლემა მხოლოდ ქუთაისის შემოვლით გზაზე არ არის და მძიმე ვითარებაა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

წყარო: commersant.ge