სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა შვედურმა კომპანია Koenigsegg-მა გამოაცხადა, რომ კიდევ ერთხელ აპირებს „მწვანე ჯოჯოხეთის“ სერიული ავტომობილების რეკორდის დამყარებას. Koenigsegg-მა ნურბურგრინგის დალაშქვრა შარშან დააპირა. მაშინ ის Porsche 918 Spyder-ის რეკორდის დამხობას One:1-ით გეგმავდა, მაგრამ განზრახვაზე ხელი მას შემდეგ აიღო, რაც ტრეკის მმართველებმა ზოგიერთ მოსახვევში სიჩქარის შეზღუდვა დააწესეს.

Koenigsegg-Promises-1

შვედური კომპანია დაელოდა მომენტს, როცა ეს შეზღუდვები მოიხსნებოდა და აი, რამდენიმე კვრის წინ, სწორედ ასე მოხდა. კომპანიამ თავის ბლოგზე დაწერა, რომ ნურბურგრინგის რეკორდული გარბენი ისევ დაბრუნდა მის გეგმაში. ოღონდ, მანამ რამდენიმე საცდელი გარბენის მოწყობა იგეგმება.

„ნურბურგრინგზე რეკორდები უცებ ვერ დამყარდება. შარშან გაუთვალისწინებელმა ამბებმა შეგვიშალა მიზნის მიღწევაში ხელი. არადა ჩვენ სულ რაღაც 7 წუთი გვეყოფა ამისათვის. უფრო მეტიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამდენიც არ დაგვჭირდეს. მაგრამ მომზადბას 7 წუთზე გაცილებით მეტი დრო უნდა. ჩვენ მზად ვიყავით ამისათვის, როცა შეზღუდვები შემოიღეს. წელს ისევ ვიწყებთ მზადებას, რასაც თვეები დასჭირდება“, – ამბობს „კიონიგსეგის“ სტივენ უეიდი.

Koenigsegg-03

მზადების პროცესში, უნდა შეირჩეს მრბოლი, ვინც კარგად იცნობს ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟს და იმავდროულად, 1360-ცხენისძალიან ჰიპერ ავტომობილ One:1-ის მართვას კარგად გაართმევს თავს. კომპანიის ტესტ მრბოლი რობერტ სერვანსკი რეკორდისთვის მზადების პროცესში მიიღებს მონაწილეობას. მისი როლი, ავტომობილის მომართვაში მონაწილეობა იქნება. მაგრამ სავარაუდოდ, რეკორდული გარბენისას ის საჭესთან არ იქნება.

Koenigsegg-04

„ტრეკის კარგად შესწავლას დიდი დრო უნდა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მრბოლი, ვისაც ამ ყველაზე მომთხოვნ ტრეკზე მაქსიმალური გამოცდილება აქვს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. გამოცდილი პილოტის გარდა, საჭიროა კარგი ამინდები და სხვა დამხმარე კომპანიების მონაწილეობა, რომლებსაც ამ საქმის კარგი ცოდნა აქვთ. ამ ყველაფერზე „კიონიგსეგი“ მანამ ზრუნავს, სანამ „რინგს“ ეწვევა.

იმავე ბლოგში წერია, რომ „კიონიგსეგის“ გუნდი ნურბურგრინგზე ამ თვის ბოლოს გამოჩნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მალე რეკორდის შესახებ ცნობა არ გავრცელდა, ესე იგი, მცდელობა ჩაფლავდა. „პირიქით, ეს ჯერ მხოლოდ გრძელი გზის დასაწყისი იქნება“.