ახლახანს Bugatti Chiron-ით აჩქარება-შენელების მსოფლიო რეკორდი დამყარდა – ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, ინდი 500-ის ორგზის გამარჯვებულმა, კოლუმბიელმა ხუან პაბლო მონტოიამ, ფრანგული ჰიპერ ავტომობილით ადგილიდან 400 კმ/სთ-მდე აჩქარება და ამის შემდეგ სწრაფად გაჩერება, 41.96 წამში მოასწრო.

ეს შედეგი მით უფრო გამორჩეულია, თუ გავიხსენებთ, რომ ამ სიჩქარის მიღწევას სერიული ავტომობილები ათასში ერთხელ ახერხებენ. ასეთი ავტომობილების სიას ახლახანს Koenigsegg-ის ჰიპერ ავტომობილი Agera RS შეუერთდა. ჯერ ამაზე შვედური კომპანია არაფერს წერს, თუმცა სოციალურ ქსელში მის გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელსაც ამშვენებს წარწერა – “0-400-OMG” (0-400-ღმერთო ჩემო, სადაც OMG-ს პირველი ასო სიმბოლურად ნულსაც ნიშნავს).

თქმა არ უნდა – Koenigsegg-ს მონტოიას და მისი Bugatti Chiron-ის მიღწევის გაუმჯობესება აქვს განზრახული. ფოტო გვეუბნება, რომ პირველი ეტაპი გადალახულია, ავტომობილმა 400 კმ/სთ-ს მიაღწია. ცნობისათვის, Agera RS-ის ვერსია One:1-ს 0-300-0 კმ/სთ 17.95 წამში აქვს მოსწრებული!

Agera RS-ი აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავით, რომელიც 1 160 ცხენის ძალას და 1 280 ნიუტონმეტრს ავითარებს. მისი ვერსია One:1 კიდვ უფრო ძლიერია – მის განკარგულებაში 1 360 ცხენის ძალა და 1 369 ნიუტონმეტრია. ამ მახასიათებლებით, Chiron-თან ორივე აგებს. ფრანგული ჰიპერქარის ბაზაში განლაგებული 8.0-ლიტრიანი, ოთხი ტურბო კომპრესორით აღჭურვილი W16 ძრავი 1 479 ცხენის ძალას და 1 600 ნიუტონმეტრს იძლევა. ამ აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 2.4 წამში შეუძლია, 400 კმ/სთ-ს კი 32.6 წამში აღწევს.