მთავარია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა! Koenigsegg-ი ნურბურგრინგზე “დასახლდა”, რადგან იქ ახალი რეკორდის დამყარებას აპირებს, მაგრამ არ გაუმართლა – სპეციალურად მომზადებული ჰიპერ ავტომობილი One:1 ავარიაში მოჰყვა და დაიმტვრა. პილოტი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ბედად, გამოკვლევამ ტრავმა ვერ დაუფიქსირა.

შვედური კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პილოტს (მისი ვინაობა არ კონკრეტდება) გამოკვლევის სტანდარტული პროცედურები ჩაუტარდა და მალევე გამოწერეს. იმავე განცხადებაში წერია, რომ ავარია კომპანიის მიერ ორგანიზებული ტესტების დროს მოხდა, რომლის დანიშნულებაც, სარეკორდო გარბენის წინ, ავტომობილის სათანადოდ მომართვაა.

Nurburgring Crash 2

„Koenigsegg-ი ექსტრემალურ ავტომობილებს აწარმოებს, რომლებსაც შესაბამისი შემოწმება სჭირდება. ეს კი ძალიან სახიფათო საქმეა. ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტრასაზე ასეთი ავტომობილის მართვა ძალიან რთული საქმეა. რა თქმა უნდა, ჩვენ მომხდარმა შეგვაშფოთა, მაგრამ გვიხარია, რომ ავტომობილის უსაფრთხოების სისტემებმა კარგად იმუშავა და პილოტი დაიცვა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Koenigsegg One:1-ის ფასი 3 მილიონ ამერიკული დოლარია და სანამ ჩრდილოურ მარყუჟზე რეკორდს დაამყარებს, ერთი მიღწევა უკვე დააფიქსირა – ეს არის ნურბურგრინგზე დამტვრეულ ავტომობილებს შორის ყველაზე ძვირი ეგზემპლარი. ასეთი ავტომობილი მხოლოდ 7 ცალი დამზადდა და დამტვრეულიც ერთი მათგანია. წინასწარი შეფასებით, ეს ავტომობილი აღდგენას ექვემდებარება.

Nurburgring Crash 3

Koenigsegg One:1 აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც ორი ტურბო კომპრესორის დახმარებით, 1341 ცხენის ძალას და 1371 ნიუტონმეტრ მომენტს გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, ჰიპერ ავტომობილს ადგილიდან 400 კმ/სთ სიჩქარემდე 20 წამი ჰყოფნის.