შცედური კომპანია Koenigsegg-ი ცნობილია, როგორც ჰიპერ ავტომობილების მწარმოებელი. მისი ავტომობილები კი ყოველთვის მრავალცილინდრიანი ძრავებითაა აღჭურვილი, რომლებსაც კომპანია თავად ამზადებს. თან არაერთ საკუთარ ტექნოლოგიას იყენებს, რომლებიც მასობრივ და თუნდაც სხვა სუპერ ავტომობილებში არ გვხვდება.

მაგრამ მალე Koenigsegg-ი ახალი ქმნილებით გაგვაოცებს, რომელსაც ერთი შეხედვით, სუპერ ავტომობილებთან საერთო არაფერი აქვს. ესაა 1.6-ლიტრიანი ძრავი, რომლის მახასიათებლებსაც კომპანია ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს. ისიც კი არაა ცნობილი, რამდენი ცილინდრი ექნება. სავარაუდოდ, ოთხი. კომპანიის დამაარსებელმა კრისტიან ფონ კიონიგსეგმა კი განაცხადა, რომ ძრავის სიმძლავრე, 400 ცხენის ძალის ფარგლებში უნდა იყოს.

Koenigsegg-4pot engine

მისი თქმით, ახალი ძრავი იმავე პრინციპით დამზადდბა, რომელსაც Agera-ს და Regera-ს ძრავებისთვის იყენებენ. ის ამბობს, რომ ძრავს ცილინდრების შედარებით მცირე დიამეტრი და დგუშის შედარებით გრძელი სვლა ექნება. ამგვარად შესაძლებელი იქნება ძრავის თბური დანაკარგების შემცირება. ძრავში გამოიყენებენ ნაჭედ დგუშებს და ასევე ნაჭედ ბარბაცებს. ლილვებს კი უზუსტესი დამუშავება ჩაუტარდება, რაც შეამცირებს დანაკარგებს ხახუნზე და შესაბამისად, გაზრდის ძრავის ეფექტურობას.

კომპანიის შეფი ამბობს, რომ მისი მანქანების ძრავები ყოველთვის მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. მაგალითად, One:1-ს 5.0-ლიტრიანი 1 364-ცხენისძალიანი ძრავის ლიტრული სიმძლავრე 273 ცხენის ძალაა. სწორდ ამ ფარდობის ახალ ძრავზე მისადაგებით ვარაუდობს ფონ კიონიგსეგი, რომ მისი სიმძლავრე 436 ცხენის ძალას მიაღწევს.

შედარებისთვის, მასობრივ წარმოებაში ყველაზე ეფექტური ძრავები Mercedes-AMG-ს აქვს. მისი 2.0-ლიტრიანი ტურბო, რომლითაც მოდელები, A45, CLA45 და GLA45 არის აღჭურვილი, 381 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ანუ, მისი ლიტრული სიმძლავრე „მხოლოდ“ 190 ცხენის ძალაა, რაც Koenigsegg-ის 273 ცხენზე ბევრად ცოტაა.

საინტერესოა, რისთვის გამოიყენებს შვედური კომპანია თავის ახალ აგრეგატს. არაა გამორიცხული, რომ Koenigsegg-ს მომცრო სუპერ ავტომობილის გამოშვება აქვს დაგეგმილი. ან ამ აგრეგატს სხვა გამოყენებას მოუძებნის, მაგალითად რბოლებში, ან ჰიბრიდულ აგრეგატებში.

საინტერესოა, რომ Koenigsegg-ს შემუშავებული აქვს გაზგამანაწილებელი სისტემა, რომელიც არ იყენებს გამანაწილებელ ლილვებს და სარქველებს პნევმოელექტრული და ჰიდროელექტრული სისტემით მართავს. ამ ტექნოლოგიის საშუალებით, უმაღლესი სიზუსტით იმართება სარქველების გაღების და დახურვის პროცესი. ასეთ ძრავს აქვს ჩვეულებრივზე ნაკლები თბური და კინეტიკური (ხახუნი) დანაკარგები, არის უფრო კომპაქტური, მსუბუქი, მძლავრი და ეკონომიური. და ამ ტექნოლოგიის ლიცენზია Koenigsegg-მა ჩინურ კომპანია Qoros-ს მიჰყიდა.