ლეგენდარული Ferrari Enzo-ს ავტორი, იაპონელი დიზაინერის, კენ ოკუიამას კომპანია Ken Okuyama Design-მა, მონტერეის საავტომობილო კვირეულზე, თავისი მორიგი პროექტი, Kode57 წარადგინა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. უფრო მეტიც, ფესტივალზე წარდგენისას, სუპერ ავტომობილი უკვე გაყიდული იყო – სახელოვანმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერ უმცროსმა მასში 2.5 მილიონი დოლარი გადაიხადა.

Ken Okuyama's kode57 4

კომპანიას თავისი ღია სუპერ ავტომობილის დონორის შესახებ ინფორმაცია არ გაურვცელებია. სავარაუდოდ, ის Ferrari 599 GTB-ს შასიზეა აგებული. ასეთი ვარაუდის საბაბს იძლევა ის ფაქტი, რომ Kode57 აღჭურვილია 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც სწორედ Ferrari 599 GTB-სგან არის აღებული. მისი სიმძლავრე 611 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი – 607 ნიუტონმეტრი. ძრავი წინ ღერძის უკან არის განლაგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ Kode57 შეიძლება შუაძრავიანად ჩაითვალოს, თუმცაღა კაბინის მიმართ მდებარეობის მიხედვით, წინაძრავიანია.

ოკუიამა თავისი ახალი ავტომობილით საფუძვლიანად ამაყობს და იმედი აქვს, რომ მასზე რამდენიმე კოლექციონერისგან მიიღებს შეკვეთას. სახელი – Kode57 ნიშნავს, რომ სუპერ ავტომობილის სტილის შემუშავებისას, ავტორმა 1957 წლის მოდელების – Ferrari 250 Testa Rossa-ს და Jaguar XKSS-სგან, ასევე იმ დროის სარბოლო ავტომობილებისგან მიღებული შთაგონებით ისარგებლა. ამის შედეგი ისაა, რომ ავტომობილს აქვს „მოჭრილი“ საქარე შუშა, რომელიც თითქმის შეუმჩნევლად გადადის კარის შუშაში და კარის უკანა კიდეში მთავრდება.

Ken Okuyama's kode57 1

Kode57-ს სტილის სტილი აეროდინამიკის მხრივაც დახვეწილია. ძარას აქვს დიდი ზომის ჰაერსადინარები, რომლებიც ჰაერის ნაკადს მაქსიმალურად ოპტიმალურ მიმართულებას ანიჭებს და ამით, ავტომობილის გარსშემოდენილ ფორმას აყალიბებს. ეს კი მაღალ სიჩქარეზე მის მდგრადობას და ეფექტურ ჩაჭიდებას უზრუნველყოფს. უკან დიდი ზომის დიფუზორია განლაგებული.

Kode57-ის საკიდარი გერმანულმა კომპანია Novitec Rosso-მ შეიმუშავა. ის არის რეგულირებადი და ავტომობილის წინა ნაწილის კლირენსის 45 მილიმეტრით ცვლის საშუალებას იძლევა.

Ken Okuyama's kode57