მუსტანგ GT ისედაც ის ავტომობილია, რომელიც ამ ავტომობილის ფანებს ძილს დაუფრთხობს, ოცნებას დააწყებინებს, მაგრამ ფორდმა ახლახანს ამ ავტომობილის კიდევ უფრო მიმზიდველი და ექსკლუზიური ვერსია შეიმუშავა, მეტსახელად „კინგ კობრა“ (მეფე კობრა), რომლის ძარაც კი „გველის ტყავშია“ გამოწყობილი. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, მაგრამ თუ ფოტოს დააკვირდებით, ადვილად შენიშნავთ, რომ მისი ძარა, სწორედ გველის ტყავის სტილშია გაფორმებული.

მიმზიდველობის ხარისხი ერთი-ორად გაიზრდება, როცა გაიგებთ, რომ ამ ავტომობილის გადაადგილებას 600-ზე მეტი ცხენის ძალის მქონე V8 ძრავი უზრუნველყოფს. ეს ავტომობილი ახლახანს ლას ვეგასში, სპეცტექნიკის შოუ SEMA-ზე წარსდგა. ცისფერმა ოვალმა გამოაცხადა, რომ „მეფე კობრას“ მყიდველს, დამატებითი ოპციის სახით, სამ პაკეტსაც შესთავაზებენ, რომლებიც „ფორდ რეისინგმა“ მოამზადა. ესენია „დრეგ პაკი“, „ჰენდლინგ პაკი“ და „სუპერ პაკი“.

Mustang-King-Cobra-2

„დრეგ პაკი“ მოიცავს ახალ ნახევარღერძებს, რომლებიც უფრო დიდ დატვირთვას უძლებს, ასევე უკანა სუბ-ჩარჩოს, რომელიც ავტომობილის უსაფრთხოებას აუმჯობესებს. „ჰენდლინგ პაკი“ ავტომობილის ერთი დუიმით დადაბლებას ითვალისწინებს, რაც წინა და უკანა ზამბარების ხარჯზე ხდება. ამასთან, მას ახალი უკანა ამორტიზატორები და სტაბილიზატორი. „სუპერ პაკით“ შემოგთავაზებენ 5.0-ლიტრიან V8 ძრავს მექანიკური დამჭირხნით, რომლის სიმძლავრეც 616 ცხენის ძალას აღწევს. ამ ძრავის შემუშავებაში „ფორდთან“ ერთად მონაწილეობა მისმა პარტნიორმა რბოლებში, კომპანია „რუშ პერფორმენსმაც“ მიიღო.

„ჩვენ გვინდა, რომ „მუსტანგის“ ენთუზიასტებმა გადაშალონ „ფორდ რეისინგის“ კატალოგი და მათთვის სასურველი ეკიპირება შეარჩიონ. „კინგ კობრას“ პაკეტები სწორედ ამის საშუალებას იძლევა. მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნებოდა, ყველა დროის საუკეთესო „მუსტანგის“ გარეშე“, – ამბობს „ფორდ რეისინგის“ დირექტორი ჯეიმი ელისონი.

და მარტო პაკეტიც არაა ყველაფერი. „ფორდმა“ „კინგ კობრას“ პირველი ეგზემპლარი მიჩიგანის „მილან დრეგვეიზე“ საასპარეზოდ გაიყვანა, სადაც ავტომობილმა მეოთხედი მილის (დაახლოებით 402 მეტრი) გავლა 10.97 წამში შეძლო. ეს კი „დოჯ ჩელენჯერ SRT ჰელკეტის“ დროზე (11.2 წამი) უკეთესი შედეგია.