კიმი რაიკონენი დარწმუნებულია, რომ „ფერარი“ მალე „მერსედესისთვის“ კიდევ უფრო ძლიერი მეტოქე გახდება. ფინელმა მრბოლმა ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლაში, საბურავების ალტერნატიული სტრატეგიის გამოყენებით, მეორე ადგილის დაკავება შეძლო. ის მხოლოდ სამი წამით ჩამორჩა გამარჯვებულ ლუის ჰამილტონს, რომელსაც ბოლო წრეზე მუხრუჭების პრობლემა დაეწყო.

მაგრამ მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ მალე „ფერარი“ ტაქტიკური სვლების გამოუყენებლადაც შეძლებს „მერსედესთან“ კონკურენციას. ის ამბობს, რომ ბაჰრეინის რბოლაში მანქანას კარგი სიჩქარე ჰქონდა და რომ ამ ეტაპზე, მისი ზოგადი დახვეწაა საჭირო.

„კარგი სიჩქარე გვქონდა. ასე თუ გავაგრძელებთ მუშაობას, მალე სასურველს მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, ყოველ შემდგომ რბოლაში სულ უფრო უკეთესი შედეგის მიღწევა იქნება შესაძლებელი. გასული სეზონის შემდეგ, ბევრი ვერც წარმოიდგენდა, რომ ჩვენ ამას ასე სწრაფად შევძლებდით. ჩვენ უფრო მეტ რბოლას მოვიგებთ. მთავარია მოთმინება და ისევე მუშაობა, როგორც აქამდე“, – ამბობს რაიკონენი.

Petronas-Sponsor

ის დასძენს, რომ „ფერარიმ“ გასული სეზონის შემდეგ, მანქანის ყველა კომპონენტი დახვეწა, ყველაზე მეტი პროგრესი კი ძალურ დანადგარს უკავშირდება. ამასთან, მანქანას გაცილებით მეტი ჩაჭიდება აქვს და გაცილებით უკეთ სამართავიცაა. მთავარი კი ისაა, რომ ბოლიდი ყველა კომპონენტში უკეთესია. ამას კი დიდწილად ინჟინერთა გუნდის შეთანხმებული მუშაობა უწყობს ხელს.

სხვათა შორის, ბაჰრეინის რბოლისას, რაიკონენს არ სურდა, რომ საბურავების ბოლო კომპლექტი რბილი ყოფილიყო, თუმცა გუნდმა მაინც დაითანხმა. რბილმა რეზინმა დიდწილად განაპირობა ის, რომ რბოლის ბოლო მესამედში, ის ნიკო როსბერგს წრეზე საშუალოდ წამს უგებდა. სწორედ ამის წყალობით შეძლო დაწევა. შემდეგ კი გერმანელის „მერსედესზე“ მუხრუჭები დაზიანდა, რამაც მას შეცდომა დააშვებინა, ამით კი რაიკონენმა კარგად ისარგებლა.

თავად რაიკონენი ამბობს, რომ მედიუმებითაც კარგი სიჩქარე ჰქონდა, თუმცა აღიარებს, რომ ბოლო პიტსტოპზე სოფტების დაყენება სწორი გადაწყვეტილება იყო.

Petronas-Sponsor-Footer