TCR-ის სერიის სპა ფრანკორშანის ეტაპი დათა ქაჯაიასთვის იმ მხრივ იყო გამორჩეული, რომ როგორც იქნა, მის გუნდ „ენგსტლერ მოტორსპორტის“ ინჟინრებმა შეძლეს მათ განკარგულებაში არსებული „ფოლკსვაგენ გოლფის“ სათანადოდ მომართვა. ოღონდ, ეს დაგვიანებით, კვალიფიკაციის შემდეგ მოხდა, რის გამოც, ქართველ პილოტს ორივე რბოლის მე-14 პოზიციიდან დაწყებამ მოუწია.

TCR series Spa-Francorchamps, Belgium 5 - 7 May 2016

დღეს მეორე რბოლა გაიმართა და ის დათამ მე-14 ადგილზევე დაასრულა. არადა, შუა რბოლისას მე-9 ადგილისთვისაც კი იბრძოდა. და ეს იმის მიუხედავად, რომ რბოლის წინ, მისი მანქანის საბურავებში წნევა შეცვალეს და როგორც რბოლის შემდეგ დათამ თქვა, ამის გამო, მოსახვევებში „ჩატევა“ უჭირდა. სწორედ ეს ფაქტორი აღმოჩნდა მისთვის გადამწყვეტი: სტიუარდებმა დააფიქსირეს, რომ რბოლის განმავლობაში, დათა ოთხჯერ (ორჯერ მე-3 მოსახვევში და ორჯერაც მე-17 მოსახვევში) გადავიდა ოთხივე ბორბლით ტრასის ნიშნულებს მიღმა. და ამის გამო, პიტლეინზე გავლით დააჯარიმეს.

TCR series Spa-Francorchamps, Belgium 5 - 7 May 2016

შეიძლება ითქვას, რომ ჯარიმა ზედმეტი იყო – დათას მანქანა ცურავდა და ერთი-ორჯერ შეცდომაც დაუშვა, რამაც ადგილები დააკარგვინა. მაგრამ სტიუარდებმა პირნათლად შეასრულეს თავიანთი მოვალეობა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეცდომის გამო, ქაჯაია კევინ გლისონს ჩამორჩა, მერე კი, ისევ საკუთარი შეცდომის გამო, უნგრელი ატილა ტასის ჯგუფი დაეწია.

TCR series Spa-Francorchamps, Belgium 5 - 7 May 2016

მე-4 წრეზე, უნგრელმა თინეიჯერმა ჩვენებურის გასწრება სცადა. მათ სწრაფი მოსახვევი გვერდიგვერდ გაიარეს. ტასი მოსახვევის გავლისას ტრასის ფარგლებს გასცდა ქაჯაიასაც ეტყობოდა, რომ მოსახვევში ვერ ჩაეტეოდა. მოულოდნელად, უნგრელი დატრიალდა და ერთი შეხედვით, ეს დათას „ფოლკსვაგენთან“ შეხების გამო მოხდა. თუმცა კონტაქტი არ ყოფილა. ასე იყო თუ ისე, დათას და მის უკან მომავალ ლორის ჰეზემანსსა (სეატი) და ჟიმი კლერეს (პეჟო) მოუწიათ ტრასის მიღმა გავლა… მოგვიანებით, ქაჯაიას ბედი ტასიმაც გაიზიარა – სტუარდებმა მასაც ანალოგიური ჯარიმა გამოუწერეს.

რბოლა კი „ფოლკსვაგენ გოლფით“ მოასპარეზე ჟან-კარლ ვერნიმ მოიგო, რომელმაც დაძაბულ პაექრობაში აჯობა თავის თანაგუნდელსა და მოქმედ ჩემპიონ სტეფანო კომინის, რომელმაც შუა რბოლაში კი გაასწრო მას, თუმცა ფრანგმა მალევე დაიბრუნა ლიდერის პოზიცია. მესამე ადგილიც „ლეოპარდის“ პილოტმა, ფინელმა ანტი ბურიმ დაიკავა, რომელმაც რბოლის დასაწყისში, სლოვაკ მატ’ო ჰომოლას ჩამოტოვება შეძლო და ფინიშზე გამარჯვებულს 4.5 წამით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ ბურისთვის ეს საერთაშორისო სერიაში ერთჯერადი გამოჩენა იყო. ის გერმანიის TCR-ის რეგუალური პილოტია.

პირველი რბოლის გამარჯვებული აკო პელინენი ამჯერად მეხუთე ადგილს დასჯერდა. არ გაუმართლა სტარტის მომენტისთვის ჩემპიონატის ლიდერ ჯანი მორბიდელის, ვისაც პირველივე წრეზე ბორბალი გასძვრა. სპას შემდეგ, მან ლიდერობა პეპე ორიოლას გადაულოცა, თავად კი მესამემდე ჩამოქვეითდა. მეორე ადგილზე ორიოლას თანაგუნდელი ჯეიმს ნეშია.

სპას რბოლებმა გვაჩვენა, რომ „ენგსტლერ მოტორსპორტს“ შეუძლია მანქანის საბრძოლველად მომართვა. მართალია, მეორე რბოლისთვის ჩაფიქრებულმა ექსპერიმენტმა (საბურავებში წნევის შეცვლა) არ გაამართლა, მაგრამ ამ შეცდომის გამოსწორება იოლია. მთავარია, იმოლას ეტაპზე, რომელიც 22 მაისს გაიმართება, გუნდმა კვალიფიკაციებსა და რბოლებში, დათას მანქანა კარგად მოუმზადოს. ქართველს რომ ლიდერების ტემპში ასპარეზობა შეუძლია, ეს ბელგიაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა, საკვალიფიკაციო რბოლაში მის გამოსვლას ექნება.

TCR-ის საერთაშორისო სერია. მე-3 ეტაპი

სპა ფრანკორშანი. მეორე რბოლა, 9 წრე

  1. ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 23:15.816
  2. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) +2.262
  3. ანტი ბური (ფინეთი, ფოლკსვაგენი) +4.584
  4. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) +6.791
  5. აკუ პელინენი (ფინეთი, ჰონდა) +7.728
  6. ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) +11.555
  7. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) +12.326
  8. კევინ გლისონი (აშშ, ჰონდა) +13.032
  9. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) +13.356
  10. პიერ-ივ კორტალსი (ბელგია, სეატი) +18.534
  11. ლორის ჰეზემანსი (ჰოლანდია, სეატი) +25.300
  12. გრეგორი გილვერი (საფრანგეთი, პეჟო) +26.179
  13. ჯიმი კლერე (საფრანგეთი, პეჟო) +27.116
  14. დავით ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) +46.533
  15. ატილა ტასი (უნგრეთი, სეატი) +47.588
  16. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ფოლკსვაგენი) 3 წრე

უსწრაფესი წრე: ჟან-კარლ ვერნი 2:33.945 (მე-5 წრე)